საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წელს უწყებამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 80 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულად 81 პირი ცნო, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით, 3 700 000 ლარის ღირებულების ქონება.
პროკურატურამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმად, დაბრუნებულ ქონებას შორის არის 83 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით დაახლოებით, 440 000 კვ.მ; სს „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“ (საავადმყოფოს შენობა ზუგდიდში).
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 2015- 2019 წლებში გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 171 ფაქტი, დაზარალებულად იქნა ცნობილი 335 პირი და მხილებული იქნა 46 საჯარო მოხელე, რომელთაგან 31-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებული იქნა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება; 4 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 12 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საიდანაც 11 პირის მიმართ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დაზარალებულად ცნობილი 335 პირიდან, 256 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა დაახლოებით 53,500,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
მათ შორის:
133 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით დაახლოებით 2 560 000 მ2
6 საცხოვრებელი ბინა;
2 აგარაკი;
საოფისე და კომერციული ფართები;
სს "ენგურის სამედიცინო კომპლექსი";
"აკურას" ღვინის ქარხანა;
გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები
შოვის პანსიონატის ტერიტორია;
2 თვითმფრინავი და 13 შვეულმფრენი;
80 ერთეული ავტომანქანა;
ოქროს ნაკეთობები;
ფიროსმანის ფერწერული ტილო;
ანტიკვარული წიგნი და სხვა ქონებები.
"2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 79 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 18 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, 69 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენ მსჯავრდებულებზე კი, გრძელდება საქმის განხილვა", - ნათქვამია ანგარიშში.