მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, იანვარში საბოლოო გადაწყვეტილება გვექნება“ - მინისტრი „ნენსკრაჰესზე“

63bbdb480e2e7
თელარა გელანტია
09.01.23 20:37
913
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, როგორ გაგრძელდება „ნენსკრაჰესის“ ინვესტორ კომპანია K-Water-თან ურთიერთობა, იანვარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც გასული წლის 28 დეკემბერს ჩაიწერა.

საქმე ის არის, რომ 2022 წლის 14 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. მოგვიანებით კი, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა BMG-ს უთხრა, რომ მთავრობასა და K-Water-ს შორის მოლაპარაკებები განახლებულ პირობებზე მიმდინარეობდა. მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ტარიფია, რომელიც სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, 7.55 ცენტია კილოვატ საათზე. „ვნახეთ, რომ სატარიფო ნაწილში სახელმწიფოს სრული უფლება ჰქონდა, უკეთესი ტარიფი [შემცირებული ტარიფი] მოეთხოვა“, - ამბობდა ლევან დავითაშვილი.

#რედაქტ2-თან ინტერვიუში კი, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ „ნენსკრაჰესის“ ინვესტორთან პოზიციები ძალიან დაახლოვდა“.

„ვფიქრობ, იანვარში გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმედის მომცემი იყო. გაზიარებულია ჩვენი პოზიციები. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს კაპიტალი მნიშვნელოვნად გაზრდილია და ჩვენი მხრიდან, „ნენსკრაჰესის“ ინვესტორებთან საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ გარკვეული ფასილიტაცია გააკეთოს იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ამ პროექტის დაფინანსებისთვის გარკვეული ფულადი რესურსის მობილიზება მოხდეს. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან დაახლოებული პოზიციების პირობებში შევძლებთ, რომ ინვესტორთან გავაგრძელოთ პროექტის იმპლემენტაცია. ეს ისევ იმისთვის კეთდება, რომ დრო დაიზოგოს და საქართველოს სახელმწიფოსთვის იურიდიული რისკები შემცირდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

"ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები