მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4-წლიანი ვადაგადაცილების მიუხედავად, მთავრობა K-Water-ის მიერ "ნენსკრა ჰესის" აშენებას "მოთმინებით" ელოდება

ჰესი

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნისათვის სამხრეთკორეულ სახელმწიფო კომპანიასთან ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რის გამოც "ნენსკრაჰესის" პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები K-Water-თან გრძელდება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ნენსკრასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ გვყავს ინვესტორი, პარტნიორი, რომელთანაც ჩარჩო-ხელშეკრულება განვაახლეთ, ხელახლა დავდეთ. მათ ჰქონდათ ბევრი პრობლემა, რის გამოც ვერ განახორციელეს პროექტი, თუმცა რადგანაც ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის სამხრეთკორეული კომპანია - K-Water, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, და თუ მათ გააჩნიათ პოტენციალი პროექტის განსახორციელებლად, ის ბოლომდე გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ აქაც უფრო სწრაფად გვინდა შედეგები, მოთმინებით ვართ დიალოგში პარტნიორთან, რომ ეს პროექტიც ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე 2015 წელს დაწყებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები 2021 წლიდან გაჩერებულია. $1-მილიარდიანი პროექტის მშენებლობა თავდაპირველად 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სადგურის დასრულების სავარაუდო თარიღად, ბოლო ინფორმაციით, 2027 წელს ასახელებენ.

280-მეგავატიანი “ნენსკრაჰესის” ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.

"ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები