მიმდინარე წლის I კვარტალში, მთლიანად FDI-ის კლების მიუხედავად, ენერგეტიკაში ინვესტიციები გაიზარდა. სექტორში ყველაზე მეტი - 79 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ამასთან ცვლილებებია განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის სქემაში, რის შედეგადაც მთავრობა მეტ ინვესტიციას ელის. პარალელურად, კვლავ შეჩერებულია "ნენსკრა ჰესის", "ხუდონ ჰესის" და "ნამახვან ჰესის" მშენებლობა. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებდა, რომ სამივე პროექტთან დაკავშირებით 2024 წელს ხელშესახები სიახლე იქნებოდა.
BMG-მა ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია სამი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის შესახებ, რომელთა განხორციელებაც წლებია ჭიანურდება.
„ნენსკრა ჰესი“
პროექტს კორეის სახელმწიფო კომპანია K-water-ი ახორციელებს და ოფიციალურად მისი მშენებლობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის ზაფხულში გახსნა, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
“ნენსკრა ჰესის” განთავსების არეალია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთა, მესტიის მუნიციპალიტეტი, ნენსკრასა და ნაკრას ხეობები. მისი დადგმული სიმძლავრე - 280 მგვტ. სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1 219 000 000 კვტ.სთ, ხოლო სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია - 1.031 მილიარდი აშშ დოლარია.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ 2023 წლის 15 მაისს საქართველოს მთავრობასა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებას, რომლის მიხედვით მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა პროექტის შემდგომი განვითარების შესახებ და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.
უწყებაში არ დააკონკრეტეს როდის დაიწყება მშენებლობა ან რა იქნება პროექტის დაფინანსების წყარო.
„ხუდონ ჰესი“
სვანეთში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაპროექტებული „ხუდონ ჰესის“ მშენებლობა მრავალი წელია გაჩერებულია. მისი დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატი უნდა ყოფილიყო, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 1.5 მილიარდი კვტ.სთ. ინვესტიციად დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.
"ხუდონ ჰესის" პროექტი, საქართველოს მთავრობამ ინვესტორისგან 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდა საქართველოს მთავრობას და როგორც ეკონომიკის სამინისტროს პასუხშია აღნიშნული, ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი შესწავლა და ალტერნატიული ვარიანტების დამუშავება პროექტის მოდიფიცირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ, როგორც ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, ჰესი სოფლის და ტაძრის დატბორვის გარეშე უნდა აშენდეს.
„ნამახვან ჰესი“
მთავრობა ყოფილ ინვესტორთან საარბიტრაჟო დავაშია. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ჰესის პროექტის განვითარება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა მოხდება მხოლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დასრულდება ეს დავა, რომლის ფარგლებში თურქული კომპანია ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 833 მილიონ დოლარი იყო და მის შეჩერებას წინ უძღოდა მასშტაბური პროტესტი, რომლის გამოც კომპანიას რიონის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. საბოლოოდ კი 2021 წელს ENKA-მ ხელშეკრულება შეწყვიტა და არბიტრაჟს მიმართა.