საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია. მთლიანად FDI-ის კლების მიუხედავად, გაზრდილია ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, რამაც წელს 79 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით $15 მილიონით მეტია.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინვესტიციების კლება დამმუშავებელ მრეწველობაში არსებულ შემცირებას უკავშირდება, რადგან თუკი გასული წლის I კვარტალში ინვესტიცია 226 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ის მხოლოდ 25 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნული კლება მაღალი ალბათობით სინგაპურული კორპორაცია Indorama-ს მიერ რუსთავის "აზოტის" ყიდვას უკავშირდებოდა, რის გამოც 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ყველაზე დიდი ინვესტიციების ნაკადი დაფიქსირდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი მსგავსი მასშტაბის გარიგება არ დადებულა.
სექტორები, რომლებშიც 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო:
- ენერგეტიკა - $79 მილიონი, ზრდა წინა წელთან $15 მილიონი;
- ვაჭრობა - $40 მილიონი, კლება წინა წელთან $51 მილიონი;
- ტრანსპორტი - $39 მილიონი, კლება წინა წელთან $4 მილიონი;
- დამმუშავებელი მრეწველობა - $25 მილიონი, კლება წინა წელთან $201 მილიონი;
- უძრავი ქონება - $19 მილიონი, ზრდა წინა წელთან $5 მილიონი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - $19 მილიონი, კლება წინა წელთან $23 მილიონი;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება (მათ შორის აზარტული თამაშები) - $10 მილიონი, კლება წინა წელთან $6 მილიონი;
- სასტუმროები და რესტორნები - $9 მილიონი, კლება წინა წელთან $19 მილიონი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $4 მილიონი, ზრდა $0.6 მილიონი;
- პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - $3 მილიონი, კლება $3 მილიონი.
სხვა დანარჩენი სექტორები - მინუს 45 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 73 მილიონი დოლარი.
BMG-იმ საქსტატისგან 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით გამოითხოვა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული. უმსხვილესი ინვესტორი კომპანიებიდან 4 სწორედ ენერგოკომპანიაა.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით (კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დალაგებული)
- სს თელასი;
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- შპს მაგთიკომი;
- შპს თბილისი ენერჯი;
- სს ენერგო - პრო ჯორჯია;
- შპს ტავ ურბან საქართველო;
- სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
- შპს ტოიოტა კავკასია;
- სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
- ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.
საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ უშუალოდ რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამა თუ იმ კომპანიამ, შესაბამისად რეიტინგში მყოფი კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტორ კომპანიებს შორის ერთ-ერთი "ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი" სინამდვილეში არა ინვესტორი, არამედ სახელმწიფოს კონტრაქტორია რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელია.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:
- თურქეთი - $42 მილიონი, კლება წინა წელთან $30 მილიონი;
- ჩეხეთი - $41.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან $49 მილიონი;
- აშშ - $34 მილიონი, კლება წინა წელთან $22 მილიონი;
- ნიდერლანდები - $32 მილიონი, კლება წინა წელთან $233 მილიონი;
- მარშალის კუნძულები - $22 მილიონი, კლება წინა წელთან $2 მილიონი;
- იაპონია - $19 მილიონი, კლება წინა წელთან $44 მილიონი;
- ჩინეთი - $14 მილიონი, კლება წინა წელთან $6 მილიონი;
- აზერბაიჯანი - $13 მილიონი, ზრდა წინა წელთან $20 მილიონი;
- მალტა - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან $7 მილიონი;
- დანია - $10 მილიონი, კლება წინა წელთან $1 მილიონი.
სხვა დანარჩენი ქვეყნები - მინუს 38 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 104 მილიონი დოლარი.