ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ვაჭრობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებასა და სხვა სექტორებში უცხოური ინვესტიციები შემცირდა.
საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მესამე კვარტალში FDI მთელი 55%-ით შემცირდა და მხოლოდ 198 მილიონი დოლარი შეადგინა, ცხრა თვეში კი FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ეკონომიკის დარგებს, მათში ჩადებული ინვესტიციების მოცულობას, მათ შორის პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, სადაც 2024 წლის 9 თვეში 401 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 42%-ით მეტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი, სადაც 2024 წლის 9 თვეში 150 მილიონი დოლარი ჩაიდო, თუმცა ეს თანხაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კიდევ უფრო მეტად, 50%-ით შემცირდა FDI დამმუშავებელ მრეწველობაში, 54%-ით ვაჭრობაში, 42%-ით ტრანსპორტში, 68%-ით ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის დარგში, 94%-ით მშენებლობის სექტორში, განათლების სფეროში 20%-ით, დანარჩენ სექტორებში კი FDI 33%-ით შემცირდა.
| სექტორები | პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის 9 თვეში | ზრდა კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| საფინანსო სექტორი | $401 | 42% |
| დამამუშავებელი მრეწველობა | $147 | -50% |
| ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | $136 | -30% |
| დანარჩენი სექტორები | $188 | -46% |
| ენერგეტიკა | $150 | -10% |
| მშენებლობა | $4 | -94% |
| ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება | $11 | 27% |
| სასტუმროები და რესტორნები | $31 | -17% |
| სოფლის მეურნეობა, თევზჭერა | $0 | -107% |
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | $1 | -87% |
| უძრავი ქონება | -$102 | -152% |
საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან. თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი FDI-ის ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.
| # | ქვეყანა | პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის 9 თვეში | ზრდა კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | გაერთიანებული სამეფო | 226 მილიონი დოლარი; | 42% |
| 2 | ნიდერლანდები | 115 მილიონი დოლარი; | -70% |
| 3 | მალტა | 108 მილიონი დოლარი; | 51% |
| 4 | იაპონია | 102 მილიონი დოლარი; | 12% |
| 5 | თურქეთი | 89 მილიონი დოლარი; | -19% |
| 6 | ჩეხეთი | 89 მილიონი დოლარი; | 50% |
| 7 | აშშ | 74 მილიონი დოლარი; | -50% |
| 8 | აზერბაიჯანი | 48 მილიონი დოლარი; | 4% |
| 9 | მარშალის კ-ები | 34 მილიონი დოლარი; | 12% |
| 10 | ყაზახეთი | 29 მილიონი დოლარი; | -20% |
| 11 | სხვა ქვეყნები | 41 მილიონი დოლარი. | -91% |




























