დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის სქემაში ცვლილებების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შედეგად, CFD აუქციონებს პირდაპირი კონტრაქტები ჩაანაცვლებს.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, მოთხოვნა ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე აუქციონების ფარგლებში შეთავაზებული სიმძლავრე, ახალი მექანიზმი კი ბევრად უფრო მოქნილია.
„ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული პაუზა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან, სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით შევაჯერეთ ისეთი მექანიზმი, რომელმაც კონკურენტულ პირობებში ჩამოაყალიბა მხარდაჭერის მექანიზმები. ეს არის ფიქსირებული ფასის კუთხით მხარდაჭერა, რაც ერთ-ერთი პრინციპულია კომერციული რისკების დასაზღვევად ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას და მეტ დეველოპერს, კერძო ინვესტორს მისცა საშუალება, რომ განახლებადი ენერგიების პროექტებში განეხორციელებინათ ინვესტიციები. იქიდან გამომდინარე რომ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ შევძელით 1100 მგვტ-ის პროექტებისთვის ფასის შეთავაზება, ჩვენ ახლა საშუალება გვექნება მაღალი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებული, საკმაოდ რეალისტური ფასის შემთხვევაში, ინვესტორებს მივცეთ პირდაპირი მოლაპარაკებით ასეთი პროექტების განხორციელების საშუალება. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად, მოქნილად მოვახდინოთ პროექტების მხარდაჭერა მიმდინარე წლის განმავლობაში. მიზანშეწონილ პროექტებს, რომლებიც ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით დასაბუთებულია, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია და სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სამინისტროსთან პირდაპირი მოლაპარაკებით მიიღონ მხარდაჭერის სქემა, მიიღონ კონკრეტული ფიქსირებული ფასი, არაუმეტეს იმისა, რაც მედიანურად დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის პროექტებზე და თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ განახორციელონ პროექტები, სახელმწიფო ამას ხელს შეუწყობს“,- თქვა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ახალი მექანიზმი წაახალისებს ინვესტიციებს განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრ პროექტი ვერ ხორციელდება, რის დასაზღვევადაც მკაფიო მექანიზმებია განსაზღვრული.
„იცით, რომ ძალიან ბევრი პროექტი ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერ ხორციელდებოდა. აქაც მკაფიო მექანიზმები გვაქვს, გაზრდილი გარანტიების კუთხით მოთხოვნები, ამიტომ კვალიფიციური დეველოპერები შეძლებენ, რომ მიიღონ მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და განახორციელონ ინვესტიციები. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება შემდეგ წლებში. თუ წელს მნიშვნელოვან სიმძლავრეებს მხარს დავუჭერთ და დასრულდება ბიუროკრატიული პროცედურები, უკვე მომავალ წელში გვექნება საკმაოდ მაღალი დინამიკა ამ პროექტებში ინვესტიციების ხილვის კუთხით. ვფიქრობ, მიმდინარე წელი ძალიან აქტიურია, ბევრი სადგური შევა ექსპლოატაციაში, აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციები და ჩვენი მოლოდინით, განსაკუთრებით აქტიური იქნება 2024-2025 წლები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.