მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

143 ჰესის პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა - ეკონომიკის სამინისტრო

კამარა  ჰესი

მიმდინარე წლის I კვარტალში, ენერგეტიკა უცხოური ინვესტიციებით წამყვანი სექტორი იყო, სადაც 79 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ CFD აუქციონებს პირდაპირი კონტრაქტები ჩანაცვლება ინვესტიციებს წაახალისებს და განსაკუთრებით აქტიური 2024-2025 წლები იქნება.

BMG-მა ახალი გენერაციის ობიექტების განვითარების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების თანახმად, დღეის მდგომარეობით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა 143 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა ქარის 25 და მზის 41 ელექტროსადგური.

ამასთან, 2022-2023 წლებში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით 22, ხოლო ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით 1 მემორანდუმი გაფორმდა.

2022-23 წლებში საქართველოში სულ 7 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 17,27 მეგავატია, ხოლო ინვესტიციის ოდენობა 38 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

როგორც ირკვევა, კომპანიების მოთხოვნით, 2023 წელს გადავადდა 6 ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება. უწყებაში არ დააკონკრეტეს რა გახდა მიზეზი და რომელ პროექტებზეა საუბარი.

ამასთან, სამინისტრომ არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია ცალკეული პროექტების შესახებ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე მუშაობენ.

საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს „ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა,“ რომელიც, მათ შორის, გულისხმობს ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფას. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ზემოთაღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მოსამზადებლად, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოითხოვს გარკვეულ დროს, თუმცა, მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა შესაძლებელი გახდება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში“,- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, BMG-მა ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია სამი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის შესახებ, რომელთა განხორციელებაც წლებია ჭიანურდება. სამინისტროს პასუხებიდან გამომდინარე, კვლავ ბუნდოვანია როდის განხორციელდება „ნენსკრას", „ხუდონის" და "ნამახვან" ჰესის პროექტები.

„ნენსკრა ჰესთან“ დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ 2023 წლის 15 მაისს საქართველოს მთავრობასა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებას, რომლის მიხედვით მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა პროექტის შემდგომი განვითარების შესახებ და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

მიმდინარეობს დამატებითი შესწავლა და ალტერნატიული ვარიანტების დამუშავება „ხუდონ ჰესის“ პროექტის მოდიფიცირების მიზნით.

მთავრობა „ნამახვან ჰესის“ ყოფილ ინვესტორთან საარბიტრაჟო დავაშია. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მისი განვითარება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა მოხდება მხოლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები