მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იმედოვნებს, რომ ნამახვანზე, ნენსკრასა და ხუდონზე წელს ინვესტორებთან სიახლე იქნება

დავითაშვილი

რა ეპატზეა ქვეყანაში სამი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის განხორციელება - ეს კითხვა BMG-იმ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვა. საუბარია ნენსკრაჰესის 280-მეგავატიანი, ხუდონჰესის 702-მეგავატიანი და ნამახვანჰესის 433-მეგავატიანი სადგურების პროექტებზე, რომელთაგან თითოეულის საინვესტიციო ღირებულება $800 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

აღნიშნული პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიზეზების გამო უკვე არაერთი წელია გაყინული, გაჭიანურებული და ვადაგადაცილებულია. მათ შორის ნამახვანჰესის ყოფილ ინვესტორთან, ENKA-სთან საარბიტრაჟო დავაც მიმდინარეობს, რაც მთავრობის მიერ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას უკავშირდება. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ სამივე პროექტთან დაკავშირებით 2024 წელს ხელშესახები სიახლე იქნება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ისინი განხორციელების აქტიურ ეტაპზე გადავიდნენ.

აღნიშნული პროექტებიდან ეკონომიკის მინისტრმა შედარებით ვრცლად ნენსკრაჰესზე ისაუბრა, რომელსაც კორეის სახელმწიფო კომპანია K-water-ი ახორციელებს და ოფიციალურად მისი მშენებლობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის ზაფხხულში გახსნა, თუმცა პროექტზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევა, რომლის შემდეგაც საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საკრედიტო დაფინანსების გაცემა არის მოსალოდნელი.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანის და ხუდონჰესის პროექტებზე მთავრობას მუდმივად აქვს კომუნიკაცია გლობალურ ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომელთანაც გარკვეული კონკრეტული შეთანხმების მიღწევის იმედი არსებობს.

“ჩვენ გვქონდა გარკვეული შეთანხმება ნენსკრასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გარკვეულ ვალდებულებას ორივე მხარის მხრიდან იმისთვის, რათა უკვე კონკრეტული კონტრაქტი დაიდოს. ამ ეტაპზე მიდის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგაც გადავალთ ეტაპზე, როდესაც კვლევები რათა კონკრეტულ რიცხვებზე გავიდეთ და დაფინანსების საკითხები გადაწყდეს დონორებთან. დონორებისთვის არის ეს კვლევები მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ნამახვანთან დაკავშირებით და ხუდონთან დაკავშირებით, ხუდონთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და ალტერნატივები განვიხილეთ. იქ არის 12 სხვადასხვა სცენარი, რაც მოიცავს სხვადასხვა ზემოქმედებას როგორც კულტურულ-სოციალურ ასევე ლანდშაფტზე. იქიდან გამომდინარე თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით რომელს ექნება მეტი უპირატესობა და ნაკლები ზიანი როგორც გარემოზე ასევე სოციალური კუთხით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და აქ სწორი ბალანსია მოსაძებნი ენერგეტიკასა და გარემოზე ზემოქმედებას შორის. ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნება ერთ-ერთი წამყვანი წარმმართველი, ამ პროცესში თუმცა მთავარი იქნება კერძო ინვესტორი და ინვესტორები. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული გლობალური კომპანიაა, რომლებთანაც მიმდინარეობს საუბარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტებზე შეთანხმება გაფორმდება წელს, რათა გადავიდეთ განხორციელების აქტიურ ეტაპზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები