ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, უკვე გამოკვეთილია დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას განიხილავენ. ამის შესახებ მინისტრმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შვეიცარიული კომპანია “შტუკის” მიერ მომზადებული წინა საპროექტო კვლევებით მოხდა ჰესის ადგილმდებარეობის იმგვარი ცვლილება, რომ მისი განხორციელებით ადგილობრივ თემს ზიანი აღარ მიყენებოდა.
2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ ხუდონჰესის პროექტი სახელმწიფომ 13.5 მილიონ დოლარად დაიბრუნა. პროექტის განხორციელების ინვესტორად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს კომპანია “ტრანსელექტრიკა” იყო შერჩეული, თუმცა კომპანიამ პროექტის განვითარება ვერ შეძლო, რის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ მასთან პროექტიდან გასვლის შესახებ აწრმოა მოლაპარაკებები და პროექტი გამოისყიდა.
2023 წლის ივნისში კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის საინჟინრო მოდიფიკაციის საკითხებზე შვეიცარიული კომპანია სწავლობდა, რათა ჰესის პროექტი გადატანილიყო ისეთ ლოკაციაზე, სადაც კაშხლის აშენება მოსახლეობას არ დააზიანებდა.
“ხუდონჰესის პროექტი სახელმწიფომ დაიბრუნა, ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა დ შესაბამისი იურიდიული პროცედურები სამწუხაროდ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, იმისთვის რომ პროექტებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ და განხორციელდნენ, მაქსიმალურად საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები, რომლებშიც მონაწილეობა ცნობილი შვეიცარიული საინჟინრო კომპანია შტუკი, რომელმაც დაასრულა პრე ფიზიბილითი კვლევა, რაც გულისხმობდა ჰესის პროექტის რელოკაციას, იცით რომ პროექტის ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი იყო სოციალური კუთხით პროექტის გავლენა, შესაბამისად ახალი პროექტით მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება შეცვლილ ლოკაციაზე. უკვე დავაფუძნეთ შესაბამისი კომპანია ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ, რომელმაც დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ დავიწყებთ დეტალურ პროექტირებას და პარალელურ რეჟიმში უკვე გვყავს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებსაც მოვიწვევთ და ისინი სახელმწიფოსთან ერთად იქნებიან პარტნიორები რათა პროექტი განხორციელდეს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.