მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჭიანურდა "ნენსკრა ჰესის" პროექტი? - მესტიის მერი მიზეზებს ასახელებს

6156d93bb9274
დავით ჯალაღონია
01.10.21 19:55
781
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და ამავე დროს, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ჭუბერში, "ნენსკრა ჰესის" სამშენებლო ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც ჟორჟოლიანმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი "ნენსკრა ჰიდროსა" და მის კონტრაქტორ კომპანიას შორის მიმდინარე სასამართლო დავაა.

"ნენსკრა ჰესსა" და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ეს ეხება შესასრულებელ სამუშაოებს. ამ ეტაპზე რაიმე სამუშაოები ადგილზე არ მიმდინარეობს", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

მისივე ცნობით, სასამართლო პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "ნენსკრა ჰესის" პროექტის გაჭიანურებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ინვესტორ კომპანიასთან გარკვეული კითხვები აქვს, რადგან დღემდე ჰესი უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კითხვაზე - რატომ არ ხორციელდება საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობით დაგეგმილი "ნენსკრა ჰესის" პროექტი, ნათია თურნავამ მთელი პასუხისმგებლობა ინვესტორ კომპანიას დააკისრა.

"ნენსკრას" წინასწარი სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო. თუ საიტს ნახავთ, იქ გზების და გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა ჩვენ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კორეელ ინვესტორებთან. უკმაყოფილოები ვართ, რომ პროექტი გაჭიანურდა. აქ საპარტნიორო ფონდია შუაში არაა, რადგან ძირითადი ინვესტორი კორეული კომპანიაა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი წინ წავა. ჩვენ მათ მიმართ გარკვეული კითხვები გვაქვს - რატომ გაჭინაურდა პროექტი, როდესაც ნენსკრა უკვე აშენებული უნდა გვქონოდა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო "ნენსკრა ჰესის" პროექტში თანამონაწილეობის გაზრდისთვის მზად არის.

"მზად ვართ სახელმწიფომ უფრო მეტი თანამონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რადგან ჩვენ თუნდაც "ნამახვანის" და სხვა ჰიდროპროექტების მაგალითზე დავრწმუნდით, რომ მსგავს პროექტებში სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და მეტად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ მოსახლეობის კითხვებს პასუხი გაეცეს", - განმარტა თურნავამ.

ცნობისთვის: საქართველოს ენერგეტიკაში "ნენსკრაჰესის" $1-მილიარდიანი პროექტი ერთ-ერთი უმსხვილესია. თავდაპირველად პროექტის დასრულების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შესაბამისი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი პროტესტიც არსებობს, სადგურის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია.

ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2020 წელს საჩივრის ორწლიანი განხილვა დაასრულა და მიღებული გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ პროექტი EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და სს “ნენსკრა ჰიდროს” ამ სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება განუსაზღვრა.

"ნენსკრაჰესის" $1 მილიარდიანი პროექტი ვერ განხორციელდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.

"ნენსკრაჰესის" პროექტის ძირითადი დეველოპერი და ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია, მას 2015 წელს დაფუძნებულ სს "ნენსკრა ჰიდროში" 91.9%-იანი წილი უჭირავს, დანარჩენი 8.1%-იანი აქციების მფლობელი კი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი "საპარტნიორო ფონდია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები