მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროცესი შეიძლება მოიცავდეს 12 თვეს, ან მეტს" - რა ეტაპები უნდა გაიაროს მცხეთის გენგეგმამ დამტკიცებამდე?

მცხეთა

მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაასრულა და დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა, - ამის შესახებ bm.ge-ის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს. რაც ნიშნავს იმას, რომ 10-წლიანი მორატორიუმი დასრულდება, თუმცა კვლავ უცნობია ზუსტი ვადები.

ასევე, არ არის საჯარო, დოკუმენტის ვერსია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა. bm.ge საკრებულოს, მერიას და მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა უწყებები ერთმანეთთან გვამისამართებენ.

მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კითხვა: როდის დასრულდება მორატორიუმი?

ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის დამტკიცებისთვის კანონმდებლობით სავალდებულოა შემდეგი პროცედურების განხორციელება:

  • დამტკიცებული კონცეფციის ფარგლებში საპროექტო ჯგუფის მიერ გენგეგმის საბოლოო პროექტის სამუშაო ვერსიის შემუშავება და სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის განსახილველად წარმოდგენა;
  • წარმოდგენის შემდგომ სააგენტო, განხილვის პარალელურად, გენგეგმის პროექტს პოზიციებისთვის აგზავნის შესაბამის დაინტერესებულ უწყებებში (სამინისტროებში/სააგენტოებში), მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
  • დაინტერესებული უწყებების მიერ მიღებული პოზიციების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ საპროექტო ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს გენგეგმის პროექტის კორექტირება/შესწორება/დახვეწა.
  • საბოლოო ვერსიის შეჯერების შემდგომ, კანონმდებლობით, გენგეგმა ექვემდებარება საჯარო განხილვას.
  • გარდა ზემოაღნიშნულისა, გენგეგმის პროექტი ასევე ექვემდებარება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიშის შედგენას.
  • ამასთან, სგშ-ის ანგარიშიც, თავის მხრივ, ექვემდებარება საჯარო განხილვას და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული ეტაპები წარმოადგენს ცოცხალ სამუშაო პროცესს და შეიძლება მოიცავდეს 12 თვეს ან მეტს, რადგან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასევე სხვადასხვა უწყებების (განსაკუთრებით UNESCO-ს) მიერ მოწოდებული ინფორმაციის, პოზიციისა და რეკომენდაციების შინაარსსა და მოცულობაზე.

კანონმდებლობით, გენგეგმის საბოლოო პროექტის დამტკიცება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

მცხეთის გენგეგმაზე “აქოლისი” მუშაობდა, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და ქალაქს დოკუმენტი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა ჰქონოდა.

ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის "აქოლისის" შერჩევამდე 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.

რატომ გამოცხადდა მორატორიუმი?

იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.

მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა მორატორიუმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები