მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10-წლიანი მორატორიუმი სრულდება - მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის I ეტაპი დაამტკიცა

მცხეთა

29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაასრულა - ამის შესახებ bm.ge-ის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.

მცხეთის გენგეგმაზე “აქოლისი” მუშაობდა, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა.

bm.ge უშედეგოდ ცდილობს, მოიპოვოს დოკუმენტი, რომელიც როგორც ირკვევა, უკვე ორმა უწყებამ დაამტკიცა და ახლა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო განიხილავს.

"მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახილველად შემოსული იყო ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია.

მერიაში არსებულმა შესაბამისმა საბჭომ განიხილა აღნიშნული დოკუმენტი და დასამტკიცებლად გაუგზავნა საკრებულოს.

29 თებერვალს საკრებულომ განიხილა აღნიშნული დოკუმენტი, დაამტკიცა კონცეფციის პირველი ეტაპი და გადაუგზავნა მერიას, ხოლო მერიამ, შემდგომი რეაგირების მიზნით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული კონცეფციის პირველი ეტაპი გადაუგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს", - განაცხადეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

bm.ge ეკონომიკის სამინისტროსა დაუკავშირდა, დაიწყო თუ არა და როდის დასრულდება განხილვის პროცესი. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის "აქოლისის" შერჩევამდე 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.

რატომ გამოცხადდა მორატორიუმი?

იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.

მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა მორატორიუმი.

მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები