მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთა ისევ გენგეგმის გარეშეა- სად არის დოკუმენტი, რომელიც 2020 წელს მზად უნდა ყოფილიყო?

6401f9d515ac6
ანუკა ჯოხაძე
03.03.23 23:35
1354
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.

მცხეთის გენგეგმაზე “აქოლისი” მუშაობს, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. როგორც ცნობილია, კომპანიას მცხეთის საკრებულოში შესაბამისი დოკუმენტი გადაგზავნილი აქვს.

BM.GE კითხვით თუ რატომ გაჭიანურდა მცხეთის გენგეგმის დამტკიცების პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

სამინისტროში პროცესების გაჭიანურებას პანდემიით ხსნიან. მათი ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების გამო მცხეთის გენგეგმის პროექტზე მუშაობის ვადები გახანგრძლივდა. სამინისტროს მხრიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში წერია, რომ ამ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ მცხეთის საკრებულოს მხრიდან დოკუმენტის დამტკიცება.

“ქვეყანაში კოვიდპანდემიის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, მცხეთის გენგეგმის პროექტზე მუშაობის ვადები გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და საჭიროებს საბოლოო დამტკიცებას მუნიციპალიტეტის მხრიდან. პროექტი კომპლექსურია და მოიცავს მულტიდისციპლინარულ კვლევებს, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარე (მათ შორის იუნესკო),”-აცხადებენ სამინისტროში.

გასულ წელს BM.GE-თან საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ელოშვილი აცხადებდა, რომ პროცესს კონკრეტული საკითხები აფერხებდა, რის გამოც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ.

კითხვაზე არის თუ არა საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებიან მხარეები, რაც პროცესს აფერხებს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ არსებობს.

BM.GE ინფორმაციის განახლების მიზნით დაუკავშირდა მცხეთის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ელოშვილს, რომელიც საკითხზე კომენტარს თავს არიდებს. ჩვენს კითხვაზე როდიდან დაიწყებს დოკუმენტის განხილვა კი გვპასუხობს, რომ დოკუმენტი საკრებულოში არ არის შესული.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან კი ირკევევა, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან, "აქოლისთან" მცხეთის გენგეგმის მომზადებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვადის გახანგრძლივებაზე რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. ბოლო ცვლილებით ვადა 2023 წლის 30 ივნისამდეა გახანგრძლივებული.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დადგენილი ვადები კიდევ გადაიხედოს.

ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.

BM.GE აგრძელებს თემაზე მუშაობს და პროცესებში ჩართულ მხარეებთან დაკავშირებას. მათ შორის მზადეება სატელევიზიო სიუჟეტიც, იმის შესახებ თუ რატომ გაჭიანურდა მცხეთის გენგეგმის დამტკიცება, რომელზეც მუშაობა 4 წლის წინა დაიწყო.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები