მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$843-მილიონიანი ინტერვენციების ფონზე, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.75 მილიარდამდე შემცირდა

5fd6070966bee
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.20 16:03
1435
2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.75 მილიარდი აშშ დოლარია. რეზერვების მოცულობა მიმდინარე წლის აგვისტოსთან, ანუ მის პიკურ პერიოდთან შედარებით $180 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც სებ-ის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდება. ჯამურად წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 25 სავალუტო ინტერვენცია გამართა, რომელთა შედეგადაც $843 მილიონი დოლარი გაიყიდა. მათ შორის აგვისტოს შემდგომ $513 მილიონი დოლარი გაიყიდა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ინტერვენციების განხორციელების პარალელურად, საქართველოს სავალუტო რეზერვები უცხოეთიდან მოზიდული ახალი ფინანსური ნაკადების შედეგად ივსება. შეგახსენებთ, რომ საქართველომ კრიზისთან გასამკლავებლად დონორებისგან $1.5 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აიღო, ვალის სახით აღებული თანხა კი სწორედ სებ-ის სავალუტო რეზერვებისკენ მიიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოს მთავრობა ხარჯების დასაფინანსებლად იყენებს.




$843 მილიონი დოლარი გაცილებით მეტია, ვიდრე სებ-ის მიერ სხვა რომელიმე წლის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო აუქციონი. მაგალითად, 2016 წელს აუქციონების გზით სებ-მა $280 მლნ გაყიდა, 2015 წელს ეს თანხა $287 მილიონი დოლარი, 2014-ში კი - $300 მილიონი იყო. 

2020 წლის განმავლობაში ლარი ყველაზე მკვეთრად კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდგომ გაუფასურდა. პირველ მარტს ერთი დოლარი 2.79 ლარი ღირდა, ორი კვირის ვადაში დოლარის გაცვლითმა კურსმა ჯერ 2.99-ს მიაღწია, შემდეგ კი პიკურად გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.40 ლარს გადასცდა. ლარის არსებობის ისტორიაში დოლარის მაქსიმალური კურსი 2020 წლის 27 მარტს იყო, როდესაც ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირდა.

ასეთი მერყეობის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელება 13 მარტს დაიწყო და $20 მილიონი დოლარი გაყიდა. მარტში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა და $100 მილიონი გაყიდა. თვის ბოლოს ლარი საგრძნობლად გამყარდა, რაც მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და დონორების მხრიდან საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარების გამოყოფისთვის გაცხადებულ მზადყოფნას უკავშირდებოდა. აპრილში დოლარის ღირებულება 3.15 ლარი გახდა. ამავე თვეში სებ-მა მხოლოდ ერთი ინტერვენცია განახორციელა და $20 მილიონი დოლარი გაყიდა.

ივნისში ლარი შედარებით გამყარდა და დოლარის ღირებულება 2.95 ლარი გახდა, თუმცა მალევე კურსი კვლავ გაუფასურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ტურიზმის შესახებ შეცვლილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან საზღვრების გახსნა მთავრობის მიერ თავდაპირველად დაპირებული გეგმით არ წარიმართა და ის რამდენჯერმე გადაიდო.

სექტემბრიდან კი ლარის მერყეობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რის შესამცირებლადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი დოლარის ინტერვენციები განახორციელა.