მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $154 მილიონით შემცირდა

დოლარი

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $154 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვები 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის მოსალოდნელი მშპ-ის (29.9 მილიარდი დოლარის) 17%-ია.

სავალუტო რეზერვების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოქტომბრის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო. ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციის ეფექტის გასანეიტრალებლად სებ-მა რეზერვები 6 და 17 ოქტომბერს გაყიდა. ამ ინტერვენციების ჯამი 84.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ინტერვენციების გარდა რეზერვების შემცირება სავარაუდოდ მთავრობის ოპერაციებს, მათ შორის ვალების მომსახურებას უკავშირდებოდა.

ერთთვიან ჭრილში შემცირების მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვები 733 მილიონი დოლარით, ანუ 17%-ით არის გაზრდილი.

რეზერვების მატება სებ-ის პოლიტიკას უკავშირდება, რადგანაც წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა. ბოლო რამდენიმე თვეში კი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა შერბილდა, რაც საქართველოში უცხოეთიდან (ძირითადად რუსეთიდან) კაპიტალის შემოდინების კლებას უკავშირდება. მაგალითად, აგვისტოში შესყიდვები 110 მილიონი დოლარი იყო, სექტემბერში კი მხოლოდ 8.4 მილიონი დოლარი.

პარალელურად, სექტემბრიდან ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2-3%-ის ფარგლებში გაუფასურდა, ხოლო კონკრეტულ დღეებში მერყეობის შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები გააქტიურა. ჯამში 2023 წელს სებ-მა დოლარი 6-ჯერ გაყიდა, ამ ინტერვენციების მოცულობა 167 მილიონი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები