მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის ინტერვენციები ლარის გამყარება/გაუფასურების პროცესს შესაძლოა, ანელებდეს, მაგრამ საბოლოო სურათს ვერ ცვლის"

64722602939c7
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 21:30
2582
სტატიაში საუბარია:
„ეროვნული ბანკის ინტერვენციები ლარის გამყარება/გაუფასურების პროცესს შესაძლოა გარკვეულწილად ანელებდეს, თუმცა გაცვლითი კურსის საბოლოო სურათს ვერ ცვლის“, - ამის შესახებ განმარტება ეროვნული ბანკის მარკოეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატვრიშვილმა გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში რომან გოცირიძის კომენტარზე პასუხისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძის თქმით, დღეს ლარის კურსი მთლიანად დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და მან იმდენი რეზერვი დააგროვა, რომ, რა ნიშნულზეც უნდა, იმაზე დასვამს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლის თქმით კი, მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი კურსის დონე ბაზრის მიერ ყალიბდებოდეს.

„ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის დონის რაიმე ნიშნული არ აქვს. როცა ცენტრალური ბანკი ერევა, მან შეიძლება შეანელოს პროცესი, მაგალითად, რომელიმე დღეს გამყარების მოცულობა შენელდეს. თუმცა შემდეგ დღეს გაგრძელდება ის პროცესი, რაც მანამდე ხდებოდა, თუ ბუნებრივად საბაზრო სიტუაცია არ შეიცვალა. მაგალითად, იმპორტი ჯამურად ეკონომიკაში არის 10 მლრდ-ზე მეტი. თუ რაღაც მიზეზის გამო კურსი გამყარდა 30%-ით და იმპორტი გაიზარდა 20%-ით, ეს 20%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ 2 მილიარდზე მეტი დამატებითი უცხოური ვალუტის ხარჯი იქნება. ამის დაბალანსება ცენტრალური ბანკის რეზერვებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ვინაიდან წმინდა რეზერვები ამას ვერ გასწვდება... ჩვენნაირ ქვეყნებში ცენტრალური ბანკის მხრიდან საბოლოო სურათის შეცვლა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გამორიცხულია. თუ კურსი ამ ხნის მანძილზე მყარდება, ეს ნიშნავს რომ გამყარების მიმართულებით ბაზარს აქვს ზეწოლა, თუ წინა პერიოდში უფასურდებოდა, ესეც ბაზრის ზეწოლის შედეგი იყო“, - განმარტა შალვა მხატვრიშვილმა და დასძინა, რომ მომავალში თუ ველოდებით უცხოური ვალუტის შემოდინებების გაგრძელებას, ლოგიკურია ველოდოთ, რომ კურსი დარჩება გამყარებული.

ცნობისთვის, როგორც რომან გოცირიძე წერს, ეროვნული ბანკი მძიმე დღეშია რუსული ფულის არნახული ოდენობით შემოდინების გამო. „ეს იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობა, როცა ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები ზუსტად ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დღეს. დიდძალ შემოდინებას სწორი მართვა უნდა, რაც ძალიან ძნელია. მოკლედ, შემოდინება რომ სჯობია გადინებას, ფაქტია. ეს წმინდა ფინანსურსდ. ჩვენს ამჟამინდელ შემთხვევაში კი ამ პროცესს დიდი უარყოფითი პოლიტიკური შედეგი ახლავს თან, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასახლება. გასული წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს 10 ათასი ბინა“, - აცხადებს გოცირიძე.

თავის მხრივ, როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამბობს, ალბათ ყველაზე დიდი რისკი არის ის, თუ ფულადი ნაკადების შემოდინება აღმოჩნდება დროებითი და შემდეგ სიტუაცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვლება, - „ცენტრალური ბანკი, როგორც კონსერვატიული და უფრო მეტად რისკებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, მნიშვნელოვანია იმისთვის რომ უარყოფითი რისკები დააზღვიოს, ვიდრე ოპტიმისტური სურათით რაღაცის იმედი ჰქონდეს, ამის ნაწილია რეზერვების დაგროვებაც. რომელიც ემსახურება იმას, რომ თუ რაღაც უარყოფითი სცენარი განვითარდა, გარკვეულწილად სენტიმენტების გაუარესება თავიდან აიცილოს. რაც უფრო დაბალია ცენტრალური ბანკის რეზერვები, ასეთ ქვეყნებში როგორც წესი, მით უფრო დიდია, კურსის გაუფასურებაზე ზეწოლა, როდესაც შოკი ხდება ხოლმე, რადგან სენტიმენტები უფრო მეტად უარესდება, ვიდრე მაღალი რეზერვების მქონე ცენტრალური ბანკის შემთხვევაში“, - განმარტა შალვა მხატვრიშვილმა „ანალიტიკას“ ეთერში.

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $322.4 მილიონი შეისყიდა, რაც რეკორდულად დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენციაა. მთლიანად წლის პირველ 4 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 782.9 მილიონი დოლარი იყო.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ზუსტ მონაცემებს, თუ რა ზომისაა ამჟამად რეზერვები სებ-ი 7 ივნისს გამოაქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ მისი ზომა 5.4-5.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები