საქართველოს პარლამენტის წევრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ს მოუწოდებს, Bmatch პლატფორმით ჩატარებული აუქციონის შედეგები ,ანუ რამდენი მილიონი დოლარი იყიდა ან გაყიდა, კვირაში ერთხელ მაინც გამოაქვეყნოს. „ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში, იწვევს უარეს შედეგებს, მათ შორის აჩენს მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს“, - აცხადებს რომან გოცირიძე BMG-სთან. ამ თემასთან დაკავშირებით, დეპუტატის არგუმენტებს და პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:
„თავდაპირველად დავსვათ კითხვა - რა შეგრძნება ჰქონდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ექსპერტ-ანალიტიკოსებს, მედიას, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ლართან დაკავშირებით, მყარდებოდა თუ უფასურდებოდა, უფრო სიმშვიდის განცდა ეუფლებოდათ თუ მღელვარების? ალბათ უფრო მეორის, თუმცა უსაფუძვლოდ. ექსპერტებიც ლარის გაუფასურების რისკებზე საუბრობდნენ და ამას რაღაც გლობალურ ფაქტორებს უკავშირებდნენ. უყვართ ხოლმე დოლარის “გლობალურ გამყარებაზე” ან “გლობალურ გაუფასურებაზე” საუბარი, როცა სინამდვილეში მოვლენა გლობალური კი არა, წმინდა ქართულია.
რა ხდებოდა სინამდვილეში - მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეებში ლარი საკმაოდ მყარდებოდა, მაგრამ ეროვნული ბანკი ამ პროცესს აჩერებდა. მიზანი, ერთის მხრივ, უცხოური ვალუტის რეზერვების შევსება იყო, მეორეს მხრივ კი, მიაჩნდა, რომ ლარის კურსი ისე უნდა ემართა, რომ არც მკვეთრი გამყარება დაეშვა და არც მკვეთრი გაუფასურება. ამ კვარტალში მკვეთრი გამყარების არდაშვება დაისახა მიზნად, რადგან ჩათვალა, რომ ინფლაციის რისკები შედარებით დაბალია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი კვლავ დაუბრუნდებოდა დღევანდელ ნიშნულს, ამიტომ, ვიღაცებს “რომ არ ელაპარაკათ” გაუფასურებაზე, ჩათვალეს, რომ სჯობდა სტაბილურობაზე გაეკეთებინათ აქცენტები. თანაც, ნუ გვავიწყდება, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც შვიდი თვეა დარჩენილი.
რადგან არჩევნები ვახსენე - როგორც წესი, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ლარს იჭერს და ამ მიზნით დიდძალ ინტერვენციებს ახორციელებს, ყიდის დოლარებს. ეს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დადებული პოლიტიკური გარიგებაა და წელსაც ასე მოხდება - უკანასკნელი რეზერვის გაყიდვა, რომ მოუწიოს ეროვნულ ბანკს, ოქტომბრის ბოლომდე ლარის სტაბილურობას არაფერი დაემუქრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოქტომბრის შემდეგ ლარი აუცილებლად გაუფასურდება (რაც არაერთხელ მომხდარა), აქ უკვე ბაზარზე მოქმედი ფაქტორები იქნება მთავარი და არა პოლიტიკური და არა მგონია, რომ ამ ფაქტორებმა დღევანდელი გადმოსახედიდან, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის საწინააღმდეგოდ იმუშაოს.
როგორც ვხედავდით, ლარის კურსზე მრავალი სუბიექტური ფაქტორიც მოქმედებს და ე.წ. თავისუფლად მცურავ კურსზე საუბარი არასერიოზულია. დღევანდელ მდგომარეობას მართვადი მცურავი კურსის რეჟიმის სახელი უფრო შეეფერება.
დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: რატომ ასაიდუმლოებს ეროვნულო ბანკი ინფორმაციას უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ?
ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად, მალავს, რადგან იგი ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი დაგვიანებით ხდება. თუ სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა იმავე დღეს ხდება საჯარო (უკვე იშვიათად იმართება ასეთი აუქციონები), როცა ვაჭრობა ხდება სხვა ტიპის აუქციონზე, რომელსაც Bmatch პლატფორმას ეძახიან, ინფორმაცია მომდევნო თვის 25 რიცხვში ხდება ცნობილი, ანუ ოპერაციის განხორციელებიდან, დაახლოებით, 25-55 დღის შემდეგ, ანუ იმის მიხედვით, წინა თვის თუ რომელ რიცხვში ჩატარდა ამ ტიპის აუქციონი. ერთი და იგივე შინაარსის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ხდება დროის სრულიად განსხვავებულ ინტერვალში, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
ასეთი ქმედებით ეროვნული ბანკი დამახინჯებულ სიგნალებს უგზავნის ბაზარს, გაუგებრობაში ამყოფებს ბიზნესს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ინსაიდერული ინფორმაციის ექსკლუზიური ფლობა კი შეიძლება გახდეს არაჯანსაღი მანიპულაციების, მათ შორის კორუფციის წყარო.
ეროვნული ბანკი თავის ამ მოქმედებას კომერციული ბანკების მხრიდან სპეკულაციური გარიგებების თავიდან აცილების მიზეზით ხსნის. აი, რა წერია ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადებაში:
"სავალუტო ინტერვენციების კონფიდენციალურობის მიზანია, კურსზე სპეკულაციური შეტევები გამოირიცხოს და ბაზარზე დამატებითი აჟიოტაჟი არ შეიქმნას. ამიტომ, პირდაპირი ინტერვენციების შესახებ დეტალები, მათ შორის, ბაზარზე ჩარევის დრო და პრინციპები, ბაზრის მონაწილეებისათვის (მათ შორის ბანკებისთვის) ცნობილი არ არის. ინტერვენციებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება მონაწილე ბანკებს შესაძლებლობას მისცემდა, ეროვნული ბანკის ქცევა გაეთვალათ, რაც კურსზე სპეკულაციური შეტევების შესაძლებლობას გააჩენდა და, შესაბამისად, კურსის მერყეობას გაზრდიდა. ამიტომ, მსგავსი, წესებზე დაფუძნებული ინსტრუმენტის რეგულირების დოკუმენტი კონფიდენციალურ ინფორმაციას მიეკუთვნება”.
ეს განცხადება არის არასერიოზული და აი, რატომ? ბანკებისთვის ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ისედაც ცნობილია, რადგან თავად მონაწილეობენ ამ პროცესში. ვნახოთ ეს კონკრეტულ მაგალითზე:
ეროვნულმა ბანკმა იანვრის თვეში აუქციონის გარეშე, ე. წ. Bmatsh პლატფორმაზე იყიდა 8 მილიონი დოლარი, თებერვლის თვეში 75,5 მილიონი დოლარი. მარტის თვის შედეგები ჯერ არ ვიცით, იგი 25 აპრილს გახდება ცნობილი. თუ ირიბ მაჩვენებლებს და ლარის კურსის დინამიკას დავაკვირდებით, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეროვნულო ბანკი აგრძელებდა ინტერვენციებს, ალბათ საკმაოდ დიდი მოცულობით. დავუშვათ, რომ მან მარტის თვეში შეიძინა, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარი. სამი თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ნაყიდი ექნება, დაახლოებით, 140 მილიონი დოლარი (ანუ ამ ოდენობით შეივსო უცხოური ვალუტის რეზერვები და საპირისპიროდ, ხელი შეუშალა ლარის გამყარებას).
ამ თანხის, დაახლოებით, 80%-ს, დიდი ალბათობით შეიძენდა “საქართველოს ბანკი” და “თი-ბი-სი ბანკი”, გამომდინარე მათი ხვედრითი წილიდან ქართულ საბანკო სისტემაში. მაგალითად, “თი-ბი-სი” ბანკი ხედავს, რომ თებერვლის თვეში, როცა 75,5 მილიონი დოლარი იყიდა ეროვნულმა ბანკმა, თითქმის ყოველდღე იგი ყიდდა მასზე დოლარებს, რამაც, ვთქვათ, 30 მილიონი დოლარი შეადგინა. დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმას, რომ ეს ბანკი მიხვდეს, რამდენი მილიონი დოლარი გაყიდა ეროვნულ ბანკზე “საქართველოს ბანკმა” და მერე სხვა ბანკებმა. თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ანალიტიკურად ეს მარტივი გამოსათვლელია, ბანკებისთვის ელემენტარული რამაა, რომ გადაამოწმონ ერთმანეთთან ეს მონაცემები.
ინფორმაციის გასაიდუმლოება კომერციული ბანკების მიერ სპეკულაციური შეტევის თავიდან აცილების არგუმენტით, კრიტიკას ვერ უძლებს.
ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს არასწორი პრაქტიკა და კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია.
ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში, იწვევს უარეს შედეგებს, მათ შორის აჩენს მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს“.