მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდული სავალუტო რეზერვების ზომა $400 მილიონს მიაღწევს" - პროგნოზი

რომან გოცირიძე

დეპუტატ რომან გოცირიძის პროგნოზით, წინასაარჩევნოდ ლარის კურსის სტაბილურობისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდული სავალუტო რეზერვების ზომა 400 მლნ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და სავალუტო ინტერვენციების გამო, როგორც - ღია ფორმით, ისე - BMatch პლატფორმით, ეროვნული ბანკის მენეჯმენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ამასთან, რომან გოცირიძეს არ სჯერა ეროვნული ბანკის იმ განმარტების, რომლის თანახმადაც, ლარის კურსის რყევები ერთჯერადი მსხვილის ტრანზაქციით არის გამოწვეული და არა ფუნდამენტური ფაქტორებით და სწორედ ამიტომ განახორციელა სებ-მა ინტერვენციები.

- აგვისტომდე სებ-ს რეზერვების შევსების პოლიტიკა ჰქონდა. პირველი სექტემბრიდან კი, ეროვნულ ბანკში დაიწყო კატასტროფული მდგომარეობა, რადგან როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა პრორუსული დოქტრინა გამოაცხადა და ანტიდასავლური ლოზუნგები გააჟღერა, ქვეყნის მიმართ ნდობა დაიკარგა. რას ნიშნავს ეს - დაიწყო კაპიტალის გადინება, მოქალაქეებმა დაიწყეს ფულის კონვერტირება, ბიზნესმა თადარიგი დაიჭირა და დაიწყო ვალუტის შეძენა და ა.შ. BMatch პლატფორმის ინსტრუმენტით სექტემბერში გაყიდული სავალუტო რეზერვების შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბერს გვეცოდინება, ოქტომბრის შედეგები - ნოემბერში, მაგრამ ჩემი პროგნოზით და უხეში გათვლებით, ეროვნული ბანკის მიერ სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდული სავალუტო რეზერვების ზომა 400 მლნ დოლარს მიაღწევს... არჩევნების წინ, ეროვნული ბანკი ყოველთვის ამყარებს ლარს, რომ კარგი გუნება-განწყობით შეხვდეს ამომრჩეველი არჩევნებს, შემდეგ კი მიუშვებენ... ყოველთვის ასეთი მეთოდი მუშაობდა.

- ანუ არც ნათია თურნავაა გამონაკლისი?

- განსხვავება დამოუკიდებლობის დონეშია. წინა პრეზიდენტის კობა გვენეტაძის დროსაც არ იყო სებ-ი ბოლომდე დამოუკიდებელი, მაგრამ ავტონომიურობის ხარისხი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე - ახლა. დღეს კი, ეროვნული ბანკი არ არსებობს.

„წერტილთან“ ინტერვიუში დეპუტატმა ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, „ქვეყანაში კატასტროფა მოხდება“.

"ეროვნული ბანკით დაწყებული მთავრობის რეპუტაციით დამთავრებული იქმნება საშინელი ფონი და საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის შემთხვევაში, ქვეყანა დაუცველი და მარტო გვრჩება.
10 დღე დარჩა არჩევნებამდე და ალბათ გადავრჩებით. გადარჩენის ერთადერთი გზა კი, ამ ხელისუფლების შეცვლაა.

თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ თვეში ყველაფერი გამოსწორდება - სსფ-ის პროგრამა აღდგება, დონორების დახმარებები შემოვა, რომელიც ახლა შეჩერდა და სხვა რეალობაში გავიღვიძებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არ ეყოლება ფულის მომცემი და მხარდამჭერი, რადგან ყველა გადავიმტერეთ“, - ამბობს პოლიტიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები