მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი აგვიანებს... ბიზნესი საჭიროებს დამშვიდებას|რომან გოცირიძე სებ-ს რეზერვის გაყიდვას ურჩევს

რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "პანიკური განწყობის" სამართავად, ეროვნული ბანკის მენეჯმენტს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვისკენ მოუწოდებს.

ყოფილ დეპუტატს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი შეცდომას უშვებს, როცა ლარის გაუფასურებაზე არ რეაგირებს.

საქმე ის არის, 5 მარტის ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.7350-ს მიაღწია, მაშინ როდესაც ვაჭრობა 2.7234-ის კურსზე გაიხსნა. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, მას სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, ის ოფიციალურ კურსზეც აისახება გაუფასურების მიმართულებით.

"ეროვნული ბანკი არ რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე მაშინ, როცა ბევრმა შეიძლება ეს ფაქტი მიაწეროს ირანში განვითარებულ მოვლენებს და შექმნას უარყოფითი მოლოდინები.

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა იყიდა 2,4 მილიარდი დოლარი, რითაც აფერხებდა ლარის გამყარებას. მისთვის პრიორიტეტული იყო რეზერვების აღდგენა და არა ლარის შემდგომი გამყარება და ფასების ზრდის შეჩერება.

ამ შესყიდული უცხოური ვალუტიდან მცირეოდენის გაყიდვა ხელს შეუშლიდა ლარის გაუფასურებას. ეს აუცილებელია ისეთ ვითარებაში, როდესაც საგარეო პოლიტიკური და შესაძლოა ეკონომიკური ფაქტორები (მაგ. ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდა) ეჭვებს აჩენს საზოგადოებაში და ბიზნესში და საჭიროებს მათ დამშვიდებას.

ვალუტას იმიტომ ყიდულობენ, რომ საჭირო დროს გაყიდონ. ეროვნული ბანკი აგვიანებს", - აცხადებს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები