მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ACT: გამოკითხულთა 66% შიშობს, რომ ტაქსების რეფორმას შესაძლოა სერვისის გაძვირება მოჰყვეს

5db85e056073f
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.19 20:55
1354
კვლევითმა ორგანიზაცია "ეისითიმ" თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებელთა უმეტესობა, ქალაქის ტაქსოპარკზე ახალი რეგულაციების დაწესებას მტკივნეულ, თუმცა აუცილებელ რეფორმად თვლის. 

ACT-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% შიშობს, რომ ცვლილებები ტაქსის სერვისით სარგებლობის ღირებულების ზრდას გამოიწვევს, 14% აღნიშნულს არ ეთანხმება, 12% კი, ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენს. 

"კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმას დედაქალაქში გამოკითხულების 25% ძალიან დადებითად, 32% კი უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.

ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულების 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს მოელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 17%, საკითხის მიმართ კი, ნეტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს (არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება).

გამოკითხულების 72%-ს ტაქსების რეფორმის შემდეგ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების იმედი აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება 15%, 11%-ს კი, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

მთლიანობაში დედაქალაქში გამოკითხულების 2/3 ტაქსების რეფორმას მტკივნეულ, მაგრამ თბილისისთვის აუცილებელ რეფორმად თვლის (64%). აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 20%, ხოლო ნეიტრალურია 13%", - ნათქვამია ACT-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში. 



კვლევა ჩატარდა 17-21 ოქტომბერს თბილისში. სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი.
კვლევის ცდომილება თბილისისთვის 3.1%-ია.