მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში მეტროს ვაგონების მწარმოებელი ყველა კომპანია სანქცირებულია - კალაძე ახალი ვაგონების შესყიდვის რისკების გადაზღვევაზე

მეტრო

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მეტროს ვაგონების განახლების 15-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა და მერია 212 ცალ ახალ ვაგონს შეისყიდის.

საინტერესოა, რომ თბილისის მეტროს ვაგონების განახლების საკითხზე მერია წლებია საუბრობს. ჯერ კიდევ 2021 წელს დონორმა ორგანიზაციამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 44 ახალი ვაგონის 50 მილიონ ევროდ შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც რუსულმა კომპანია “მეტროვაგონმაშმა” გაიმარჯვა, რომელიც მოგვიანებით ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა. ტენდერი ჩაიშალა და თბილისი ახალი ვაგონების პროექტის გარეშე დარჩა.

მეტროს ვაგონების განახლების პროექტის შესახებ გამართულ ბრიფინგზე დასმულ კითხვას - იქნება თუ არა იგივე რისკები გადაზღვეული, რათა ტენდერში კვლავ რუსულმა სანქცირებულმა კომპანიამ არ გაიმარჯვოს, თბილისის მერი, კახა კალაძე პასუხობს.

“გამარჯვებულ კომპანიასთან იმ დონემდე ვიყავით მისულები, რომ დიზაინიც შეთანხმებული გვქონდა, თუ როგორი ვაგონები უნდა ჰქონოდა დედაქალაქს, თუმცა აღნიშნული კომპანია მოხვდა სანქცირებულთა სიაში და როგორც ჩვენ, ისე EBRD-ი იძულებული გავხდით, აღნიშნული ტენდერი შეგვეწყვიტა და ახალი გამოგვეცხადებინა.

დღეის მდგომარეობით, ყველა კომპანია, რომელიც აღნიშნულ ვაგონებს რუსეთში აწარმოებს, სანქცირებულია, ამიტომ იგივე ვერ განმეორდება”, - აცხადებს კახა კალაძე.

მერის განმარტებით, აღნიშნულ ტენდერს EBRD-ის დაფინანსებით აღარ გამოაცხადებენ, თუმცა თუ რომელიმე დონორი კომპანია იქნება ჩართული შესყიდვებში, ამას ფინანსთა სამინისტრო გადაწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები