მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-იმ საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმისთვის $70 მლნ დაამტკიცა

5fcf4dea71e99
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.20 14:02
905
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ბანკის ინფორმაციით, ამ თანხით საქართველოს სამუშაო ძალის ნაყოფიერების ამაღლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ზრდა უნდა მოხდეს. 

„განათლება და უნარების განვითარება 21-ე საუკუნის ყველა წარმატებული ეკონომიკის საფუძველია", - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის სოციალური სექტორის განყოფილების დირექტორმა რიე ჰირაოკამ. მისი თქმით, პროგრამა
მისი ბენეფიციარებისთვის გაზრდის უკეთესი სამსახურის პოვნისა და შემოსავლების მატების შანსებს. 

ADB-ის შეფასებით, მართალია, საქართველომ 2018 წელს მიიღო ახალი კანონი ქვეყანაში პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა ეს მიმართულება კვლავ საჭიროებს პოლიტიკის და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ADB აღნიშნავს, რომ სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და კადრების უნარებს შორის არსებული შეუსაბამობა სწორედ პროფესიული განათლების სისტემის გამოწვევებზე მეტყველებს. 

"კოვიდ-19-ით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. ის დააფინანსებს ელექტრონული სწავლების დაწყებას და გადაამზადებს ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებში დასაქმებულებს, რათა მათ ახალი უნარების შეძენასა და იმ სფეროებში დასაქმებაში დაეხმაროს, სადაც მზარდია მოთხოვნა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტულ საშუალებებს პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გასაზრდელად ქალებისათვის, ასევე, ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. „საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი პოტენციალის რეალიზება, ADB-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.“

ADB-ის ინფორმაციით, პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისის და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. სადაც კადრების გადამზადება შემდეგ დარგებში მოხდება: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

"ADB-ის პროგრამა ეხმარება ინსტიტუციურ რეფორმებს, როგორიცაა ახალი რეგულაციური ჩარჩო ზრდასრულთა განათლებისთვის, ჩარიცხვის წესები პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში და უფრო სამართლიანი დაფინანსების სქემის შემუშავება ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გასაზრდელად. სხვა განსახორციელებელი რეფორმები გულისხმობს პროფესიული განათლების და მომზადების ბიუჯეტის 23%-ით ზრდას, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასების 30%-ით ზრდას, კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდას პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას შრომითი სტანდარტებისა და სამუშაო ადგილზე სწავლების განვითარებაში, კერძო-საჯარო პარტნიორობის დაწყებას და მთავრობის ვაუჩერების პროგრამის გაგრძელებას სტუდენტებისთვის, რომლებიც კერძო პროფესიული განათლების ინსტიტუციებში პრიორიტეტულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.