მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ ქალაქების განვითარებისთვის შესაძლოა საქართველოს 362 მლნ ევრო გამოუყოს

5e43d0e4b407f
ინგა მურუსიძე
12.02.20 18:40
1357
2020-2030 წლებში, შესაძლოა, ADB-მ "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის" 362 მლნ ევრო გამოყოს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ რეგიონული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით დაგეგმილია „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების" საინვესტიციო პროგრამის განხორციელების მიზნით შეთანხმების გაფორმება, რაც ითვალისწინებს 2020-2030 წლებში, დაახლოებით, 362 მილიონი ევროს დაფინანსების პროგრამის შექმნას ურბანული ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისათვის, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოს რეგიონებში: კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისში. ამჯერად აღნიშნული პროგრამის მოსამზადებლად გამოიყოფა 13,550,000 ევრო. აღნიშნული რესურსით დაფინანსდება „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მოსამზადებელი ღონისძიებები.  2019 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სესხის ფინანსური პირობებია: სესხის ხანგრძლივობა 15 წელი (შეღავათიანი პერიოდი 3 წელი); საპროცენტო განაკვეთის ტიპი: 6 თვიანი EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი; სესხის ვალუტა ევრო. მსესხებელი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 31 აგვისტო.