მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas-ი აშშ-სა და გერმანიაში რობოტიზებულ წარმოებას აჩერებს

5dca4f0600aeb
მიხეილ ხაჩიძე
12.11.19 13:00
1268
დაახლოებით, 1 წლის წინ  კომპანია Adidas–მა რობოტიზებულ ქარხანაში ფეხსაცმელების წარმოება დაიწყო. ორი ინოვაციური საწარმო გერმანიასა და აშშ-ში გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებდა, თუმცა როგორც გუშინ სპორტული მწარმოებლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, ე.წ. Speedfactories (მაღალსიჩქარიანი ფაბრიკები) ანსბახსა და ატლანტაში მომავალი წლის აპრილიდან დაიხურება. "აღნიშნულ ქარხნებში არსებული ტექნოლოგიები აზიაში ტრანსპორტირდება, სადაც მათ უფრო ეფექტურად და მოქნილად გამოიყენებენ", - წერია Adidas-ის ვებგვერდზე.

 

ამ ქარხნების ამოქმედებით ბრენდის სურვილი იყო, ევროპასა და შტატებში, ახალი მოდელების წარმოება და მიწოდება მთავარ ბაზრებზე დაეჩქარებინა. როგორც გერმანულ კომპანიაში განმარტავენ, სამომავლოდ, ისინი აშშ-სა და გერმანიაში განვითარებულ წარმოების პროცესებს არამარტო - ფეხსაცმლებისთვის, არამედ სხვა სახის საქონლის წარმოებისთვის გამოიყენებენ, თუმცა ამჯერად აზიის რომელ ქვეყანაში იგეგმება კომპანიის დასავლური პრაქტიკის დანერგვა, ამ დროისთვის არ სახელდება.

 

ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg წერს, რომ Adidas-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ასეთი პროექტები  ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების "ახალი ეპოქის დასაწყისი" იქნებოდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც Adidas–ის სპიკერმა Wall Street Journal-ს განუცხადა, ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომს არ უკავშირდება. ამერიკული გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანიის მიერ იმ ქარხნების დახურვა, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით, 1 მილიონი წყვილი ფეხსაცმლის წარმოება იგეგმებოდა, ბევრ კითხვას ბადებს.