მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანების მტკიცებით, Wizz Air-ის მიერ ბაზის დროებით გაუქმება ტექნიკური საკითხია

5efc9e774cc9f
BM.GE
01.07.20 18:40
1120
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს, რომ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ბაზას მომავალშიც შეინარჩუნებს. 

თამარ არჩუაძის განმარტებით, Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება. ეს ყველაფერი კი იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ახორციელებს. 

"ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე", - განაცხადა თამარ არჩუაძემ. 

რაც შეეხება ბაზებს - ეს არის წმინდა ტექნიკური მექანიზმი თუ სად ჰყავს საჰაერო ხომალდი ავიაკომპანიას. 

"პანდემიის პერიოდში, ვიზეარის საჰაერო ხომალდები კომპანიის ცენტრალურ ბაზაზე, ბუდაპეშტში განთავსდა, ხოლო ფრენების განახლების შემდეგ ბაზირებული საჰაერო ხომალდები ეტაპობრივად ბრუნდება, იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას ბაზა გააჩნია. შემცირებული ფრენების ფონზე არამხოლოდ Wizz Air-ი, არამედ მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თვითმფრინავები ჰყავდეთ მაქსიმალურად დატვირთულ წერტილში, ანუ იქ სადაც საჰაერო ხომალდი 24 საათის განმავლობაში იქნება დატვირთული," - აცხადებს არჩუაძე.

დღესვე Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრას რადომ განაცხადა, რომ ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ფრენების განახლების შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მიეცემათ. ამასთან, რადო ამბობს, რომ ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულებს კომპანია იმ პერიოდში, სანამ ფრენები არ ხორციელდება, Wizz Air-ის ქსელში ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ. 

"ჩვენ შევაჩერეთ ოპერაციები ქუთაისის ბაზიდან. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, საკმაოდ ადრეა იმისთვის, რათა ჩვენი შემდგომი გეგმების შესახებ ვიმსჯელოთ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა ამ ეტაპზე თქვენთვის არაფრის დადასტურება არ შემიძლია.

ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს.

დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს ქუთაისის ბაზაზე და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ.

ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ.

ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ასევე, მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით,"- განაცხადა ანდრას რადომ.