გასულ წელს, 4-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ, Azimuth-მა და Red Wings-მა დაიწყო.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნული ორი ავიაკომპანია გასულ წელს ჯამში 127 315 მგზავრს მოემსახურა, რაც საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების მიერ ჯამურად გადაყვანილი მგზავრების 3%-ია. უფრო დეტალურად, Azimuth-მა 89 804 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო Red Wings-მა 37 511. Azimuth-ი რეისებს თბილისის და ბათუმის, Red Wings-ი კი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ასრულებს.
რუსეთის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც, რომელიც გასულ წელს ჯამში 326 873 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ავიაკომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
2023 წელს, საქართველოს აეროპორტები რეკორდულ 6 013 995 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიებს შორის ლიდერი Wizz Air-ია, რომელიც ბაზრის 21%-იან წილს ფლობს და გასულ წელს 1 270 737 მგზავრი გადაიყვანა.