უმსხვილესმა ქართულმა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” 2023 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა. რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენის და ტურიზმის ზრდის ფონზე, "ჯორჯიან ეარვეისი" 2023 წელს 327 ათას მგზავრს მოემსახურა, ეს 2022 წელთან შედარებით 178 ათასი მგზავრით, ანუ 120%-ით მეტია.
ამ მაჩვენებლით, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ავიაკომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილს უნგრული "ვიზეარი" იკავებს, რომელიც გასულ წელს ასევე რეკორდული რაოდენობის 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა (ზრდა 116%), მეორე ადგილზეა "თურქეთის ავიახაზები" 627 ათასი გადაყვანილი მგზავრით (ზრდა 15%), მესამეზე კი "პეგასუსი" 423 ათასი მგზავრით (მატება 4%).
ამჟამად "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს მოსკოვის; სანკტ-პეტერბურგის; ამსტერდამის; პარიზის; ვენის; ბერლინის; თელ-ავივის; ერევნის; ნიცას; მილანის; სალონიკის; ლარნაკას და მიუნხენის მიმართულებით ასრულებს.
რაც შეეხება "ჯორჯიან ეარვეისის" ავიაპარკს, კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ის შემდეგი ხომალდებისგან შედგება:
- BOEING 737-700 - სავარძლების საერთო რაოდენობით 133, მათ შორის, 12 ბიზნესკლასის და 121 ეკონომკლასის;
CRJ 200 - სავარძლების საერთო რაოდენობით 50, მათ შორის, 6 ბიზნესკლასის და 44 ეკონომკლასის; - BOEING 737-800 სავარძლების საერთო რაოდენობით 180, მათ შორის 12 ბიზნესკლასის და 168 ეკონომ კლასის.
- ერთი სატვირთო BOEING 737-800.
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მის ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს, შესაბამისად, უცნობია რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი და წმინდა მოგება მიიღო კომპანიამ.