მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ი რუსეთში ფრენას 20 მაისიდან იწყებს

6463536f78313
მარიამ ვარადაშვილი
16.05.23 13:58
584
Georgia Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანია, სავარაუდოდ, 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. როგორც BMG-ის გაიაშვილმა უთხრა, ამ ეტაპზე მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულებას ყოველდღიურად გეგმავენ.

“ჯერჯერობით ფრენების დაწყებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის არ მიგვიმართავს, მაგრამ მივმართავთ. პარალელურად ხდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვისა და როსავიაციისთვის მიმართვა. ვფიქრობ, ყველაფერი რომ მოწესრიგდება, 20-ის შემდეგ დავიწყო ფრენები. რაც შეეხება სიხშირეებს, ყოველდღიურად თითო სიხშირეს განვიხილავთ თბილისი-მოსკოვის რეისზე. ბევრი აცხადებს, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, რადგან ფრენას ვიწყებთ. მოღალატეები არიან ის ადამიანები, ვისაც ქართველი ხალხის წვალება უნდათ. კითხვა მაქვს მათთან, დღემდე არ დაფრინავდა მოსკოვში თვითმფრინავები?! დღემდე საზღვარი არ იყო გახსნილი?! წლების განმავლობაში დავფრინავდით მოსკოვში და ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის. როგორც ვთქვი 20-დან განვიხილავთ ფრენების დაწყებას. როგორი იქნება დატვირთვა, ამას შემდგომ გადავწყვეტთ”,-ამბობს გაიაშვილი.

გუშინ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი აცხადებდა, რომ ჯამში სააგენტოს ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა და მათ შორისაა Georgian Airways-ც. გაიაშვილი სააგენტოსთვის ოფიციალურად მიმართვას არ ადასტურებს და ამბობს, რომ უწყებას მხოლოდ ზეპირი თანხმობა განუცხადეს.

“როგორც თქვენ მეკითხებით, ასე იყო... ვნახავთ ჯერ და ალბათ დავიწყებთ ფრენებს, ასე ვუთხარით. ჩვენი მხრიდან სიტყვიერი განაცხადია, თუმცა საბუთები არ ჩაგვიბარებია. ჯერჯერობით ბილეთის ფასი საიდან დაიწყება არ ვიცით”,-ამბობს გაიაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები