მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარული კომიტეტი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

5f27f1b541cbb
BM.GE
03.08.20 15:12
1170
„აგროტურიზმის ხელშეწყობა არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას განაცხადა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესწრებოდნენ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სოფლის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროებით, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.


„კანონპროექტის მიზანია ასევე, მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების მიუხედავად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სოფლად კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კანონპროექტი წაახალისებს პროდუქტის მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნას და ადგილობრივი პროდუქტის ახალი სარეალიზაციო არხების გახსნას განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერებისთვის“,- აღნიშნა ოთარ დანელიამ.


მისი თქმით, სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტის მიხედვით, აგროტურისტული საქმიანობა არის ფერმერული მეურნეობის ფარგლებში განხორციელებული ფერმერული და ტურისტული საქმიანობის კომპონენტების ერთობლიობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს ტურისტის მიღებას, განთავსებას, ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევას და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას.

კანონპროექტის შემუშავებაში, რომლის ინიცირებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, ჩართული არიან მთავრობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ფერმერთა ასოციაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.​

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები