მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Agri Management Group-მა ბიზნესი განავითარა - ინვესტიცია ₾1.5 მილიონია

62cfc5f778783
მარიამ იზორია
14.07.22 11:46
836
სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი კომპანია Agri Management Group-ი გაფართოვდა. კომპანიამ კახეთში კერძოდ, ლაგოდეხში, თხილის სასაწყობე და საშრობი საწარმო მოაწყო, რაც Agri Management Group-ს დღეში 24 ტონა თხილის გაშრობის საშუალებას აძლევს. ამასთან, საწყობის ტევადობა 500 ტონას აღწევს. ეს რეგიონში Agri Management Group-ის რიგით მეორე ასეთი საწარმოა.

Agri Management Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი დიმიტრი ალექსიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში თხილის წარმოების კუთხით მთავარი გამოწვევა თხილის შრობაა. Agri Management Group-ის საწარმო კი ფერმერებს მომსახურების სრულ სპექტრს უწევს.

„თხილის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ ეს ახდენს მის გასაყიდ ფასზე გავლენას. ხშირად, ხარისხის გათვალისწინებით, ფასში 40%-იანი სხვაობაა. აღმოსავლეთში კი თხილის შრობა დიდი პრობლემაა, ფერმერები შესაბამის პირობებში ამას ვერ ახერხებენ და პროდუქტი უფუჭდებათ. ჩვენი კომპანია ამ პრობლემას ჭრის, რადგან კახელ ფერმერებს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის, თხილის გასუფთავებას, დასაწყობებას, ვთავაზობთ. შედეგად, ფერმერები ხარისხიან თხილს ღებულობენ”, - ამბობს დიმიტრი ალექსიძე.

Agri Management Group-ის სასაწყობე და საშრობი ცენტრისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 1.5 მლნ ლარს მიაღწია. კომპანიამ პროექტი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა და როგორც კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი განმარტავს, ბანკმა Agri Management Group-ს საწყისი ინვესტიცია, მათზე მორგებული პირობებით, სრულად დაუფინანსა.

“მსგავსი საწარმო ყვარელშიც გვაქვს. წარმატებული მაგალითიდან გამომდინარე, გაფართოება გადავწყვიტეთ, რაშიც "საქართველოს ბანკი" დაგვეხმარა და სასურველი ფინანსური ინსტრუმენტი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, საფინანსო სექტორის ასეთი ჩართულობა ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს Agri Management Group-ის დამფუძნებელი.

აღსანიშნია, რომ Agri Management Group-ი სასაწყობე და საშრობი ცენტრთან ერთად კახეთში, ორ ლოკაციაზე 120 ჰა ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს მართავს, რომლის მოსავლიანობა 100 ტონას შეადგენს. კომპანია თავის საქმიანობას ექსპორტის მიმართულებით ავითარებს და ამ მიზნით იტალიურ კომპანია „ფერეროსთან“ თანამშრომლობს, რომელიც Agri Management Group-ისგან მაღალი ხარისხის თხილს ყიდულობს.

დიმიტრი ალექსიძე კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში უკვე ბაღების გაფართოებას დაიწყებენ. ამასთან, Agri Management Group-ში რებრენდიგნიც იგეგმება და კომპანია ბაზარზე Wonder Nuts-ის სახელით იქნება წარმოდგენილი.