მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკრძალვის შემდეგ, ChatGPT-ი იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია

644e1885aaadb
გიორგი არონია
30.04.23 12:00
948

თითქმის ერთთვიანი აკრძალვის შემდეგ, OpenAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT-ი იტალიაში ისევ ხელმისაწვდომი გახდა, - ამის შესახებ The Verge-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებში ცვლილებები შეიტანა, რითაც იტალიის მარეგულირებლების სურვილი დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, იტალიის პირადი მონაცემების დაცვის სააგენტომ (GPDP) ChatGPT-ი იტალიელი მომხმარებლების პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვაში დაადანაშაულა. ამასთან, საუბარი იყო იმაზეც, რომ ChatGPT-ი არასრულწლოვან მომხმარებლებს აკრძალულ კონტენტზე მარტივ წვდომას აძლევდა. იმ დროს, პრობლემების აღმოსაფხვრელად GPDP-მ OpenAI-ს 20-დღიანი ვადა მისცა.

ამიერიდან, ChatGPT-ის იტალიელ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მომხმარებლებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება, რომლის საფუძველზე მათი პირადი მონაცემები OpenAI-ს მონაცემთა ბაზიდან წაიშლება - ამას ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) უზრუნველყოფს. ამასთან, პლატფორმაზე რეგისტრაციისას OpenAI-ი იტალიელი მომხმარებლების ასაკსაც დაადგენს. ამ ცვლილებებს გამოეხმაურა თავად იტალიის პირადი მონაცემების დაცვის სააგენტო, რომელიც ცვლილებებით მოხარულია, მაგრამ OpenAI-ს მოუწოდებს, ასაკის დადგენის პროცედურა კიდევ უფრო გაამკაცროს და თან, ქვეყნის ფარგლებში ადამიანის უფლებების თაობაზე საინფორმაციო კამპანია წამოიწყოს.

ცვლილებები, რომლებიც OpenAI-მ დანერგა, ამ ეტაპზე, პლატფორმის ფუნქციონირებას დიდად არ ცვლის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ChatGPT-სთან დაკავშირებით ბრძოლა სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება, მით უფრო რომ ესპანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებმა საკითხის მოკვლევა დაიწყეს. პარალელურად ამისა, ევროკავშირში მზადდება ხელოვნური ინტელექტის აქტი, რომელიც OpenAI-ის მსგავს კომპანიებს დამატებით შეზღუდვებსა და რეგულაციებს დაუწესებს.