მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შემცირდება - კობა გვენეტაძე

623dc913bc0ef
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.22 18:00
1048
„მონეტარული პოლიტიკა საქართველოში გამკაცრებული რჩება“ - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას, გადაიხედება თუ არა და რა მიმართულებით რეფინანსირების განაკვეთი 30 მარტს ჩანიშნულ მპკ-ს სხდომაზე.

კობა გვენეტაძემ ვრცლად განმარტა, მარეგულირებლის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიზეზები და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა თავისი როლი უნდა შეასრულოს.

„როდესაც პანდემია დაიწყო, რთული იყო იმის განსაზღვრა, რა მიმართულებით ექნებოდა მას გავლენა. ერთბაშად ორი მიმართულებით მოქმედებდა შოკი. იყო შოკი მოთხოვნის და მიწოდების მიმართულებით. მოთხოვნის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, მიწოდების მიმართულებით შოკი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდების ჯაჭვები შეწყდა და ეს მოქმედებდა ინფლაციაზე. საბოლოოდ, მიწოდების ფაქტორებმა უფრო იმძლავრა და მათ ინფლაციის გაზრდაში დიდი როლი შეასრულეს.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, მაშინ როდესაც მონეტარული პოლიტიკით მიწოდების ფაქტორებთან გამკლავება შეუძლებელია და მოთხოვნა იზრდება, მოგეხსენებათ რეალური ზრდა 2021 წელს საკმაოდ მაღალი იყო, აქ მნიშვნელოვანია, რომ მონეტარულმა პოლიტიკამ თავისი როლი შეასრულოს.

მონეტარული პოლიტიკა საქართველოში გამკაცრებული რჩება. ხშირად მეკითხებიან როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, დანარჩენზე უკვე ვიმსჯელებთ“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ია. მპკ-ს სხდომა 30 მარტს გაიმართება.