28.სექტემბერი .2021 19:30

„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" მსოფლიო დონის უნიკალური პროექტია“ - ინვესტორი

„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" მსოფლიო დონის უნიკალური პროექტია“ - ინვესტორი
views 4809
უკან

„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" მსოფლიო დონის უნიკალური პროექტია“, - ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ინვესტორმა, „ამბასადორი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ ბათუმში, პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

თორნიკე ქებურიამ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ინვესტორისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" კომპანიის მიერ დაგეგმილი მსოფლიო დონის უნიკალური პროექტია.

პირველ ეტაპზე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ საჭირო კვლევები განხორციელდება. შემდეგ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები წარიმართება. პროექტით მაღალი კლასის სასტუმროები, ვილები, აპარტამენტები, ბულვარი, საზოგადოებრივი პლაჟებია გათვალისწინებული. მინდა გავუსვა ხაზი, რომ კუნძულები საყოველთაო, საზოგადოებრივი წვდომის იქნება.

პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ერთობლივი თანამშრომლობით შევძლებთ ამ მართლაც უმშვენიერესი პროექტის შექმნას“, - განაცხადა თორნიკე ქებურიამ.

„ამბასადორი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა კომპანიის მიერ აჭარაში დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ამბასადორის ჯგუფმა“ გასული წლების განმავლობაში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციები ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროებში განახორციელა. დასაქმებული გვყავს 2 000-მდე საქართველოს მოქალაქე. აჭარაში “ამბასადორი ჯგუფის” მიმდინარე წარმატებულ პროექტებს ბათუმის ბალნეოლოგიური ცენტრი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები კურორტ გოდერძიზე წარმოადგენს, სადაც მუდმივად საქართველოს 600-მდე მოქალაქე დასაქმდება“, - განაცხადა ინვესტორმა.

ცნობისთვის: ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

დღეს საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია ამბასადორს შორის გაფორმდა, რომელიც მხარეების მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.