მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამცრელ ბრიგადებს ორ აცრაში 5 ლარს ვუხდით“ - ამირან გამყრელიძე

609ae0433a220
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 00:20
841
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიით შემქნილი დატვირთვა სისტემამ სამედიცინო პერსონალის გამძლეობით გადაიტანა.

მან ამ რთულ პერიოდში საქართველოს მედპერსონალის გამოცდილების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა და განაცხადა, რომ მათ სათანადო დაფასება სჭირდებათ, რაც დღეს არ აქვთ.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართული ამცრელი ბრიგადები მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ.

„5 ლარს რომ ვუხდით დღეს ორ აცრაში ადამიანს, რომელსაც ვეუბნებით რომ 7 დღე უნდა იმუშავოს და დღეში 50-დან 70-მდე ადამიანი აცრას, იქნებ ავწიოთ ცოტა ზემოთ ეს (თანხა)“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ 5 ლარს მათ კი არა, იმ დაწესებულებას ურიცხავს სახელმწიფო, რომელიც აცრის პროცესშია ჩართული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პანდემიის პერიოდში სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც პანდემიის დროს მედპერსონალის ხელფასები გაიზარდა და აღნიშნა, რომ დღეს მან საკოორდინაციო საბჭოზე ამცრელი ბრიგადებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხი დააყენა.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენეთ ეს საკითხი... იქ გადაანგარიშება ხდება. დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება წამოვა ამ საკითხზე და მოუმატებენ. იმიტომ, რომ რთულია ადამიანს უთხრა შაბათ-კვირას და ამავე დროს მთელი დღის განმავლობაში იმუშავოს და ამ დროს რას ვუხდით?

რიგმა ქვეყნებმა ექიმთა და ექთანთა ხელფასები გააორმაგეს, მათ მეტი შეღავათები მისცეს. გასაგებია, რომ ქვეყანას უჭირს და მხოლოდ 50%-ზე მეტი დანამატი ვერ მივეცით“, - თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, საქართველოში აცრილთა რაოდენობა უკვე 67 000-ს გადასცდა.