13.ნოემბერი .2019 22:20

ამერიკულ ბანკ Goldman Sachs-ს საკრედიტო ლიმიტების კუთხით ქალების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

views 263
უკან

სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ, ცნობილი ამერიკული ბანკი Goldman Sachs-ი Apple Card-ის საკრედიტო ლიმიტებს შეასწორებს. CNBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება ბანკის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.


კერი ჰალიომის თქმით, Goldman Sachs-ი კრედიტებს სქესის მიხედვით არ განსაზღვრავს.



შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, Goldman Sachs-ს გენდერული დისკრიმინაციის საფუძველზე უჩივლეს, რის შემდეგაც, ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) ბანკის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. Bloomberg-ის ინფორმაციით, მარეგულირებელი ცნობილი ამერიკული ბანკის მიერ Apple Card-ის ბარათზე საკრედიტო შეზღუდვების წესებსა და მიდგომებს შეისწავლის.



"დეპარტამენტი ჩაატარებს გამოძიებას იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა ნიუ-იორკის ანტიდისკრიმინაციული კანონები. ამასთან, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბანკი ყველა მომხმარებელს თანაბრად ემსახურებოდეს, განურჩევლად სქესისა. ნებისმიერი ალგორითმი, რომელიც არღვევს ქალთა ან ადამიანთა სხვა ჯგუფის უფლებებს, ეწინააღმდეგება აშშ-ის კანონებს", - ციტირებს Bloomberg-ი NYDFS-ის აღმასრულებელ დირექტორს ლინდა ლაისველს.



პირველმა, ვინც Apple Card-ების საკრედიტო ბარათებით თანხის ლიმიტის განსაზღვრისას გენდერულ დისკრიმინაციაზე ისაუბრა, ამერიკელი მეწარმე დევიდ ჰაინმაიერ ჰესონი იყო. მისი მტკიცებით, მისმა მეუღლემ უკეთესი საკრედიტო ისტორიით, მასზე 20-ჯერ ნაკლები საკრედიტო ლიმიტი მიიღო. ჰესონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ალგორითმებს, რომელთა საფუძველზეც ლიმიტი განისაზღვრება, მამაკაცების და ქალებს მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს.

ჰესონის მსგავსად განცხადება გააკეთა Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ მას და მის მეუღლესაც მსგავსი ვითარება ჰქონდათ, როდესაც მან ცოლზე ათჯერ უფრო მაღალი საკრედიტო ლიმიტი მიიღო.



თავის მხრივ, როგორც Gold Williams Sachs-ის სპიკერმა განმარტა, საკრედიტო ლიმიტები კლიენტის გადახდისუნარიანობით განისაზღვრება და, შესაბამისად, სქესთან, ასაკთან, რასასა თუ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული არ არის.


აღსანიშნავია, რომ Apple-მა საკრედიტო ბარათი Apple Card-ი მიმდინარე წლის მარტში წარადგინა. ბარათი, რომელიც საშუალებას იძლევა შესყიდვები უფრო ხელსაყრელი პირობებით განხორციელდეს, ამ ეტაპისთვის მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი.