მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული ბრენდი - Baskin Robbins საქართველოში ბრუნდება

608fc04abb458
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.21 18:00
5177
მიმდინარე კვირაში საქართველოში ოპერირებას ნაყინის ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ბრენდი „ბასკინ რობინსი“ იწყებს. 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით კომპანია პირველ ფილიალს ჭავჭავაძის გაანხლებულ გამზირზე, 17 ნომერში გახსნის.

კომპანიაში ახალი ფილიალის გახსნის ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინის დაგემოვნება მომხმარებელს ამ კვირაში შეეძლება.

საქართველოში ნაყინის ამერიკული ბრენდის ფრანშიზას მფლობელი კომპანიის „ბ&რ ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი ლევან გოგავა BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, კომპანია მსოფლიო ბრენდის საქართველოში შემოყვანისა და ფილიალების ამოქმედებისთვის კომპანიამ 1 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო.  

„ქართველი ბისნესმენების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც ნაყინის ინდუსტრიაში ამერიკული ბრენდი „ბასკინ რობინსის“ შემოყვანისთვის 1 მლნ ევროს ინვესტიციას დებს, რითიც ჯამში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს. მომხმარებელი „ბასკინ რობინსში“ 150 სახეობის ნაყინის დაგემოვნებას შეძლებს“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, თბილისის შემდეგ „ბასკინ რობინსი“ რეგიონებშიც გამოჩნდება, კომპანიის გეგმები კი ასეთია:

„კომპანია საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გეგმავს. მხოლოდ მაისში მოსალოდნელია 4 ახალი ობიექტის გახსნა, აქედან სამი სავაჭრო ცენტრებში Tbilisi Gallery, City Mall და East Point-ში გაიხსნება. დამატებით, უახლოეს პერიოდში ფილიალები დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაიხსნება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის: "ბასკინ რობინსი" ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოში 90-იან წლებში ოპერირებდა. 



ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი” 1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს და დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8 000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2 500 ფილიალს მოიცავს, ჯამში კი ბრენდი 50 ქვეყანაში ოპერირებს.

თავდაპირველად „ბასკინ რობინსი“ მომხმარებელს 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა, რაც მათ ლოგოზეც როგორც რიცხვი „31“ გამოიხატა და აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო დაეგემოვნებინა. დღეს კი კომპანიაში უკვე 1 300 მდე გემოს ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური.

"აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და ის პრემიუმ ხარისხის ნაწარმია"- აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები