მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: შევედით პიკში... თუ შეზღუდვები არ გამკაცრდება, ის დიდხანს გაგრძელდება

5fbce28ed0e4d
ინგა მურუსიძე
24.11.20 14:46
592
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების სიმცირე არა - დაავადების უკან დახევის, არამედ შედარებით მცირე რაოდენობის ტესტის ჩატარების შედეგია.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე შედარებით მცირე რაოდენობის ტესტები კეთდება, რაც შედეგზეც აისახა და დღეს ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს მაჩვენებელი არ არის შესაბამისობაში ინფექციის გავრცელებასთან ქვეყანაში. ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა და გადავცდით 4 000 ახალ შემთხვევასაც. შევედით პიკში, უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რომ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირებების რაოდენობა შემცირდა. ეს რიცხვი ნუ დაგვამშვიდებს, პირიქით, მატება არის და ეს მატება გრძელდება. შევედით პიკში და არავინ იცის, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა და მოსალოდნელია როგორც - ახალ შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდა.

"თუ არ შემოვიღებთ და უფრო არ გავამკაცრებთ არსებულ შემზღუდველ ღონისძიებებს, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. აუცილებელია, არსებული რეგულაციების აღსრულება გავამკაცროთ და დავამატოთ და გავაფართოოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს უკვე წარდგენილი აქვს შეზღუდვების ახალი ინიციატივები და უახლოეს ორ დღეში საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.