დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში მისი სახელით გავრცელებული მედიკამენტების რეკლამები სიყალბეა და მისი სახელი არასწორად ფიგურირებს. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში ჩემი სახელით ვირუსულად ვრცელდება სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალებების რეკლამები. ეს ინფორმაცია ზოგჯერ რუსულ და ზოგ შემთხვევაში ქართულ ენაზეა, თან ახლავს ჩემი გამოსახულება და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებული საუბარი.
ამასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი მიკავშირდება და მთხოვს კონსულტაციას, რადგან ფიქრობენ რომ ეს რეალური ინფორმაციაა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ასეთი სახის რეკლამა ან საინფორმაციო სიუჟეტი არ წარმოადგენს რეალურს, სიყალბეა და არასწორად ფიგურირებს ჩემი სახელი.
მთელი ჩემი საექიმო საქმიანობის განმავლობაში არასდროს მიწარმოებია არააკადემიურ და ღია საინფორმაციო სივრცეში სამკურნალო საშუალებების განხილვა და მით უმეტეს რეკლამირება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემთან დაკავშირებული ყველა მსგავსი სიუჟეტი თუ საინფორმაციო რგოლი არის ფალსიფიცირებული და ყალბი, უკუაგდეთ და არ დააკავშიროთ ჩემს სახელთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - წერს ამირან გამყრელიძე.




























