მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამით ლარის ლიკვიდობის განმტკიცება ხდება" - ოთარ ნადარაია სებ-ის ახალ ინიციატივაზე

5eb958d7440e1
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 18:11
1494
ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლის გატარებასაც ის ფინანსურ ბაზარზე ლარის რესურსის ლიკვიდობის ხელშესაწყობად გეგმავს. საუბარია ბანკების მიერ მათთან არსებული უცხოური ვალუტის რესურსის უზრუნველყოფის სანაცვლოდ საფინანსო სისტემისთვის ეროვნული ვალუტის რესურის მიწოდებაზე. “თიბისი ბანკის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ეს ზომები ბაზარზე ლარის ლიკვიდობის ზრდას უწყობს ხელს. ამასთან, ლიკვიდობის მატება, ლარის სესხების განაკვეთების შემცირებაზეც დადებით გავლენას მოახდენს.

“ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარის რესურსი, რაც აქვს საფინანსო ინსტიტუტს, მას შეუძლია, რომ ეს რესურსი მიიტანოს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რის სანაცვლოდაც, ეროვნული ბანკი მას მისცემს ლარს.

ამ საშუალებით ბაზარზე დამატებითი ლარის რესურსის მიწოდება ხდება და თუ ჩათვლის ეროვნული ბანკი, რომ ბაზარზე ბევრი ლარია, ის თავის მხრივ, დოლარს გაყიდის. შესაბამისად, თუ ჩათვლის ეროვნული ბანკი, რომ ეს კურსს აწვება, შემდეგ გაყიდის მას.

ასევე, საუბარია, სესხების დაგირავების ინსტრუმენტზეც, რომელიც სხვა ინსტრუმენტია.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რათა ლარის ლიკვიდობის განმტკიცება და პროცენტების შემცირება მოხდეს. ერთადერთი, თუ ზეწოლა მოხდება კურსზე, ამ შემთხვევისთვის ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ის დოლარის რესურსს გაყიდის", - ამბობს bm.ge-ისთან საუბარში ამბობს ოთარ ნადარაია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის რესურსზე მოთხოვნის ზრდის პირობებში საფინანსო ბაზარისთვის ეროვნული ვალუტის ლიკვიდური სახსრების მიწოდების საკითხი უფრო აქტუალური გახდა. აღნიშნულის გამო კი, სებ-მა ამ ინსტრუმენტის დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო.

“ამ ეტაპისათვის, საფინანსო სისტემას ლიკვიდობის ჭარბი რესურსი და სათანადო ბუფერები აქვს. თუმცა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება რათა დაკრედიტება შეუფერხებლად და ლიკვიდურობის შემცირებული რისკის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით გაგრძელდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორისთვის ლარის რესურსის მიწოდებას ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით უზრუნველყოფს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები ლიკვიდობის მიწოდების დამატებით ბუფერს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები, რაც კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებით და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლიკვიდობის მიწოდების ხელშემწყობი სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაზე.

დამატებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის 1 - ლი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი - LCR) მათი საშუალებით დაიცვან. საჭიროების შემთხვევაში, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიებების საშუალებით ლარის ლიკვიდობის მართვა ბანკებისთვის უფრო მოქნილი და ეფექტური ხდება. ხოლო ლიკვიდობის შემცირებული რისკის შედეგად, ეს ცვლილებები ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს,” - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.