მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს კიდევ უფრო მეტი არგუმენტია იმისთვის, რომ განაკვეთი შემცირდეს - ნადარაია

6453a1b3083b8
მარიამ ვარადაშვილი
04.05.23 16:30
675
სტატიაში საუბარია:
აპრილში საქართველოში 2.7%-იანი ინფლაცია დაფიქსრდა. ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2021 წლის იანვარში იყო. დოკუმენტის თანახმად, წლიური ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების თითქმის 6%-იანი ზრდა იყო, რამაც 2.7%-იან ინფლაციაში 2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 0-თან ახლო ან 0%-ზე დაბალიც შეიძლება იყოს, ხოლო 2024 წელს 3.6% იქნება. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ინფლაციის არსებული მაჩვენებლის პირობებში საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს.

“ბოლო სამით თვის განმავლობაში თვიურ ჭრილში დეფლაცია ფიქსირდებოდა, მანამდე კი თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე მაჩვენებელთან ძალიან ახლოს იყო. ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა აღინიშნოს არის ლარის კურსი, რომელიც წელს მნიშვნელოვნად გამყარდა. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივი ინფლაციაც მცირდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით ვიდრე იმპორტული. მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ისმის კითხვა როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ინფლაციის პროგნოზიდან თუ არსებული ინფლაციიდან გამომდინარე. უფრო კონკრეტულად განაკვეთს შევამცირებთ მაშინ, როცა ინფლაციის პროგნოზი დაბალი გვაქვს თუ მაშინ, როცა ინფლაცია უკვე შემცირდება. ვფიქრობ, ორივე არგუმენტი უკვე სახეზეა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი არგუმენტია იმისთვის, რომ განაკვეთის შემცირება დაიწყოს და დიდი ალბათობით კომიტეტი განაკვეთს შეამცირებს”,-აცხადებს ნადარაია.

ეროვნული ბანკი ელის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც 2018 წლიდან 3%-ია, 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. კერძოდ, სებ-ში მიაჩნიათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.

“ამ ლარის კურსის გათვალისინებითა და არსებული ტენდენციით წლის ბოლოსთვის ინფლაცია აუცილებლად სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ვსაუბრობთ ინფლაციის შემცირებაზე და არა ფასების შემცირებაზე და ეს პრობლემა კვლავ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროდუქტი გაიაფდა, ეს პროდუქცია გაიაფდა მაღალი ფასიდან, ანუ ჯერ ძალიან გაძვირდა და შემდეგ გაიაფდა. ამიტომ, ეს გაიაფება მოსახლეობისთვის რამდენად შეღავათია, ეს ცალკე თემაა. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ფასების ზრდის ტემპის შემცირებაზე და არა ფასების შემცირებაზე. რისკი ყოველთვის არსებობს რომ ინფლაციის ზრდა კვლავ გაგრძელდეს, ეს იქნება ლარის გაუფასურება თუ ნავთობზე ფასის ზრდა. ამის მიუხედავად, ალბათობა იმის, რომ უახლოეს მომავალში ინფლაცია გაიზარდოს, ძალიან დაბალია”,-ამბობს ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები