მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამხელა დატვირთვას არ ველოდით“ – Ambassadori Goderdzi

60781f27da291
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 10:10
1638
აჭარის მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე ახლადგახსნილი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძის“ გენერალური მენეჯერის თქმით, გვიან დაწყებულ ზამთრის სეზონზე სასტუმრო 50%-იანი დატვირთვით მუშაობდა.

„ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ამხელა დატვირთვას არც ველოდით“, - განუცხადა ზამთრის სეზონის შეფასებისას BM.GE-ის სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა თამარ გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, სასტუმროს ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლები სტუმრობდნენ.

„სამწუხაროდ უცხოელებიდან მხოლოდ 2 ოჯახი, ინგლისიდან და საფრანგეთიდან მივიღეთ. მოლოდინი, რაც გვქონდა გამართლდა, რადგან კურორტი გოდერძი ბევრისთვის უცნობია" - აღნიშნა სასტუმროს ხელმძღვანელმა.

თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს კურორტზე თოვლი უკვე დნება და დამსვენებლთა რაოდენობა შემცირდა. შესაბამისად სასტუმრომ ზაფრხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო, რაც მაისში დამტვერვის სეზონს უკავშირდება, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია.

„ზამთრის სეზონზე გამოცხადებული ფასებით ვიმუშავეთ, თუმცა ზაფხულის სეზონზე უფრო ჩვენთან განთავსების ღირებულება ნაკლები იქნება. ფაქტობრივად დღეს ნომრის ღირებულება 2 ადამიანზე საუზმის გარეშე 150 ლარია, მაშინ როდესაც ზამთარში 500 ლარამდე იყო.

თუ კვლავ ლოქდაუნი არ გამოცხადდა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გართულდა, ვფიქრობ, რომ გოდერძიზე ამბასადორის სასტუმრო ზაფხულში 50%-ით მაინც დაიტვირთება, რადგან აჭარის მაღალმთიანი კურორტის მიმართ ინტერესი დიდია“, - განმარტა თამარ გამყრელიძემ.

ცნობისთვის: "ამბასადორი ჯგუფმა" 125 ნომრიანი სასტუმრო კურორტ გოდერძიზე 30 მლნ დოლარის ინვესტიციით მეორე ლოქდაუნის გამო 1 მარტს გახსნა, თუმცა მათ ოპერირების დაწყება ჯერ კიდებ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ჰქონდათ დაგეგმილი. დღეისთვის სასტუმროში 120 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპლექსის მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 300-მდე, სასტუმროს ნომრების რაოდენობა კი 280-მდე გაიზრდება.