მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიაზე ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება“ - მთავრობა დასავლელ ინვესტორს ელის

60409da21cd03
თელარა გელანტია
04.03.21 12:40
681
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად ახალი ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ სწორედ დღეს მიიღო ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა სსიპ-მა დავალება, განახორციელოს კონკრეტული შესყიდვა საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად - ამოცანა ახალი ტენდერის მომზადებაა.

„მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო და დღეს ჩვენმა სამინისტრომ და კერძოდ, ამ სააგენტომ მიიღო მთავრობისგან დავალება, რომ უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი და ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება, იყოს გამოხატული ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი, პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიცურ კონსულტანტებთან ერთად, რათა ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

„ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია, ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში ამერიკელი ინვესტორების ყოლა, თუმცა შედეგები მას შემდეგ გამოჩნდება, რაც გავმართავთ ტენდერს. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ დინამიური და რთული პროცესებისა, რაც პანდემიიდან გამომდინარეა და ზოგადად, რეგიონშია, ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაპაუზება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ხელისუფლებას შორის კონტრაქტის მოშლაზე პასუხისმგებლობა ინვესტორს ეკისრება, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა.

„მოგეხსენებათ, რომ მთავარი პირობა დაირღვა, რისთვისაც გვჭირდება კერძო ინვესტორი ამ პროექტში - ეს არის დაფინანსების მოზიდვა. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული თანადგომისა, მიუხედავად ჩვენი მხრიდან დაპირებული თანადაფინანსებისა და მიუხედავად ვადების ძალიან კომფორტულად გადაწევისა, მაინც ვერ მოახერხა დაფინანსების შეკვრა, რისთვისაც გვჭირდება ინვესტორი, სხვაგვარად პორტს სახელმწიფო ააშენებდა, მაგრამ ჩვენი არჩევანია კერძო-საჯარო პარტნიორობის პრინციპით განხორციელდეს ეს პროექტი და გვჭირდება ინვესტორი, ვინც დაფინანსებას მოიზიდავს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ტენდერის შედეგად ასეთი ინვესტორი გამოჩნდება“,- განაცხადა მინისტრმა.