მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

63f3565082591
BM.GE
20.02.23 15:14
6027
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს. გადაწყვეტილება სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. 

კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორის შერჩევას არ დაელოდება და პორტის მშენებლობას დამოუკიდებლად დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას, რადგანაც 2023 წლის ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერი გათვალისწინებული არაა.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. 

"შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.

სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ პრესრელიზში. 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მხრიდან პროექტის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რამაც პორტის მშენებლობის განვითარების შეფერხება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები