მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულიას ანაკლიის პორტზე განცხადებას, თინა ხიდაშელი არაპროფესიონალურს უწოდებს

თინა ხიდაშელი და გიორგი ქობულია

„ანალიტიკასთან“ ინტერვიუში "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თავად რომ მთავრობის გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო, ანაკლიის პროექტს რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ს თანამონაწილეობით ააშენებდა.

ქობულიას განცხადებას „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი ეხმიანება და მას არაპროფესიონალურს უწოდებს. ხიდაშელის განცხადებით, დასავლეთის თვალსაზრისით, ჩინური დომინაცია სტრატეგიულ პორტებში გეოპოლიტიკურად საფრთხის შემცველია, რაც ნათლად აისახება აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტში — „ამერიკისთვის სტრატეგიული პორტების ანგარიშგების აქტი“.

„რა გეოპოლიტიკურ პრობლემებს ქმნის ანაკლიის პორტში, ან რომელიმე პორტში ჩინური დომინაცია - ამ კითხვაზე კანონპროექტი დევს ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში, სადაც შავით თეთრზე არის გაცემული პასუხი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც კონგრესის ორივე პალატაში განიხილება და ითვალისწინებს აშშ-ის ინტერესების დაცვას საზღვაო სივრცეებში ჩინური გავლენებისგან. ამასთან განსაზღვრულია, რომ აქტის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში დადგინდეს და ხელმოწერილი იყო ყველა იმ სტრატეგიული პორტის ჩამონათვალი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია და ამის ფონზე და ამის კვალობაზე, აშშ-მ საკუთარი ინტერესების პრიორიტეტიზაცია დაიწყოს.

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ანუ შავი ზღვის მხარე მოხვდეს ამ ჩამონათვალში (სტრატეგიული მნიშვნელობის პორტების) და ეს პორტი გახდეს ამერიკული სტრატეგიული დანიშნულების საგანი. იმისათვის, რომ ის დავიცვათ“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური საკითხებით არ ამოიწურება – მას აქვს სერიოზული უსაფრთხოებისა და სამხედრო მნიშვნელობაც, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რომელიც დღეს რუსული სამხედრო გავლენების ქვეშ იმყოფება.

„შავი ზღვის მნიშვნელოვანი სეგმენტი არის დომინირებული რუსული სამხედრო ძალის მიერ. აქ კიდევ სხვა ავტორიტარული სახელმწიფოს შემოსვლა და მისი დომინაციით ანტიდასავლური პოლიტიკის გამყარება არავის ინტერესში არ არის, როგორც ამერიკის, ასევე ევროპის.

დღეს, "ქართული ოცნება" როგორც იქცევა, შესაძლოა ჩვენ ვერ ვხედავადეთ და არ იყოს ხელმოსაჭიდი ამ სტრატეგიული ინტერესის გამოხატულების, ისევ და ისევ იმიტომ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ამერიკელი ინვესტორები ანაკლიიდან გაყარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს კომპონენტის მიმართ ინტერესი გამქრალია ან არ არსებობს.

ორი კომპონენტია ბატონი ქობულიას პასუხად, როგორც სავაჭრო - ეკონომიკური და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შავი ზღვის დღევანდელი სპეციფიკის, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით სამხედრო შემადგენელი, უსაფრთხოების შემადგენელი, რომლის გამოც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ავტოკრატიული, დასავლეთის მოწინააღმდეგე სტრატეგიულად მოწინააღმდეგე სახელმწიფოების გაძლიერება არ მოხდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები