მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის ინვესტორობის პრეტენდენტ ჩინურ კონსორციუმში, შესაძლოა, ჩინური ბანკი გაერთიანდეს - თინა ხიდაშელი რისკებზე

თინა ხიდაშელი

"სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტის შერჩეულ პრეტენდენტ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გამსხვილება, შესაძლოა ერთ-ერთი ჩინური ბანკის ჩართულობით მოხდეს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 20 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები თვის ბოლომდე გახდება ცნობილი და კონსორციუმის გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს, რა დროსაც CCCC-ში დამატებითი მოთამაშეები შემოვლენ. დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს „პროექტს კიდევ უფრო ამყარებს“.

"სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ ჩინურ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმება ერთი წლის განმავლობაში იმიტომ გახანგრძლივდა, რომ მათ HSBC საბანკო გარანტიას არ აძლევდა.

"განცხადება, რომ კონსორციუმს სხვა კომპანიები უერთდებიან იმას ნიშნავს, რომ ისინი ისეთ კომპანიას ეძებენ, რომელთანაც უშუალოდ მოხდება ხელმოწერა. ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, უბრალოდ ის, ვისთანაც ხელშეკრულება გაფორმდება ფორმალურად უნდა აკმაყოფილებდეს გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს და არ იყოს სახელმწიფოს დაფუძნებული კომპანია. თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ საკითხავია - კიდევ ერთი წელი რატომ დასჭირდა უკვე შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. გასული წლის მაისში გამოაცხადა დავითაშვილმა ჩინური კომპანიის გამარჯვების შესახებ და ახლა გვეუბნება, რომ აპრილში დასრულდება. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ კომპანია ვერ ახერხებს წარმოადგინოს აბსოლუტურად სავალდებულო დოკუმენტი, რომლის გარეშეც კონტრაქტი ვერ გაფორმდება, ეს საბანკო გარანტიაა. ყველაზე მთავარი მიზეზი, ჩემი ინფორმაციით, ეს გახლავთ. HSBC - ბანკი, რომელიც მანამდე იყო მითითებული პირველად განაცხადში, როგორც ჩანს უარს აცხადებს, მათ მისცეს საბანკო გარანტია. ეს არ არის დაკავშირებული ქართულ სანქციებთან, ეს დაკავშირებულია ამ კომპანიის სტატუსთან და იმ სანქციებთან, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს", - განმარტავს თინა ხიდაშელი.

„ანალიტიკაში“ მან საქართველოში ჩინური ბანკების შემოყვანასა და ასევე ჩინურ კონსორციუმში ჩინური ბანკის გაერთიანების რისკებზე ისაუბრა. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ჩინურ ბანკებთან პარტნიორობის გამოცდილება საკმაოდ ნეგატიურია.

„ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოში ჩინური ბანკების შემოყვანას ცდილობს, ასე პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაშ ბევრი რამ ითქვა, რაც ამ ფაქტს ადასტურებს. საქართველოში ჯერჯერობით დიდი ჩინური საბანკო ინსტრუმენტი ჯერ არ გვაქვს, ბაზისბანკი ვინც იყიდა - ჰუალინგმა, ამ ამოცანას ვერ ასრულებს. ეს ბანკია, რომელმაც უამრავ ქვეყანას აზიასა და აფრიკაში უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაში საუბარია Bank Of China-სა და ჩინეთის Exim Bank-ზე. ჩემი ინფორმაციით, ორივეს აქვთ კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და თუ ლიცენზიების გაიცემა, ძალიან მალე ჩვენ ისინი შეიძლება საქართველოს ბაზარზე ვიხილოთ.

ის დამატებითი ინვესტორი, რომელზეც ახლა საუბრობენ სწორედ ერთ-ერთი ჩინური ბანკი შეიძლება იყოს და HSBC მათ სულ აღარ დასჭირდეთ, ანუ საკუთარი ფულით - ჩინური ბანკის ფულით მოვლენ ქვეყანაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რა საფრთხე შეიძლება შექმნას ჩინურ კონსორციუმში ჩინური ბანკის გაერთიანებამ და ჩინური საფინანსო ინსტიტუტების სასესხო პირობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„მთავარი განსხვავება რასაც ამ შემთხვევაში ვიღებთ ევროპულ და ჩინურ ბანკებს შორის, ის კაბალური პირობებია, რომელსაც ისინი პარტნიორებს სთავაზობენ. მე ამის მაგალითად მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია მომყავს, რომლებიც ნატოს წევრები არიან, მაგრამ ევროკავშირში მათი გაწევრიანების მთავარი შემაფერხებელი ის ვალები იყო, რომელიც მათ ჩინური ბანკების მიმართ ჰქონდათ.

ჩინური ბანკები სესხების გაცემისას სახელმწიფოსგან არამხოლოდ აქტივებს, არამედ სხვა სუვერენული უფლებების დათმობასაც ითხოვენ. ტაჯიკეთის შემთხვევაში ვნახეთ დათმობილი ტერიტორიები, შრი-ლანკის შემთხვევაში ვნახეთ სტრატეგიული პორტის გარშემო ატეხილი დავა, რადგან ამ ტერიტორიების დათმობას ითხოვდნენ ჩინური ბანკები ვალის სანაცვლოდ...“, - აცხადებს ხიდაშელი.

„ანალიტიკას“ ავტორის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას - რა შეიძლება ამის პრევენციად განვიხილოთ, თინა ხიდაშელი ასე პასუხობს: „პრევენციის ეფექტური მექანიზმი დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობაა, რაც საქართველოში ჩვენ არ გვაქვს. ყველა ოპტიმიზმით ვუყურებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომ ეს პროცესი დასრულდება არჩევნებით... ასევე, პრევენციაში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოების ინფორმირება. ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე საქართველოს ხელისუფლებას ექნება მცდელობა ბევრი ისეთი რამ გაიტანოს სწრაფად, რაც სხვა დროს საზოგადოების მაღალი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდებოდა. იგივე შეეხება თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, რომლის შესახებაც დავითაშვილმა ამ დღეებშიც გააკეთა განცხადება. აქაც ვიცით, რომ ჩინური კომპანიის შემოყვანას გეგმავენ და ეს ბანკები, რომლის შემოყვანასაც აპირებენ ამ პროცესში ჩაერთვებიან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები