ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის ინფორმაციით, გასულ წელს ამ გზით 433 საკონტეინერო მატარებელმა ისარგებლა.
გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ დერეფნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მომდევნო 3-5 წლიან პერიოდში აუცილებელი იქნება არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული გადაწყვეტების დანერგვა.
ინფრასტრუქტურა რომ უნდა უნდა განვითარდეს და ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას, ამაზე BM.GE-თან ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც საუბრობს.
მისი შეფასებით, არსებული ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ქვეყანას შეიძლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საჭიროება აღარ ჰქონდეს და ბევრად უფრო ეფექტიანი ფოთი პორტის დაღრმავება იყოს.
“ჩვენი პოზიციები რომ არ დავკარგოთ ტვირთბრუნვებში, უნდა გავაუმჯობესოთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და აგრეთვე საპორტო ინფრასტრუქტურა.
საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას რაც შეეხება, უნდა იყოს სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება - შენდება თუ არა, ანაკლიის პორტი, თუ ჩვენ ვაკეთებთ ფოთის პორტის დაღრმავებას.
რა თქმა უნდა, ფოთის პორტის დაღრმავება, რეალურად, მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია იყოს ბევრად უფრო მიმზიდველი ვარიანტი ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის ბევრად ნაკლებ სახსრებთან დაკავშირებული. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ტვირთბრუნვა, ამავე დროს, ეს შეიძლება ძირითადად შევასრულებინოთ კომერციულ სექტორს.
მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ძალიან რთული იქნება მარტო კომერციული სექტორით ჩართულობით.
ის მასშტაბი, რომელიც იყო ანაკლიაზე დაგეგმილი, ასეთ ტვირთბრუნვას, მე მგონია, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიაღწევს. თუ ოდესმე მიაღწია.
ამიტომ, აქ არის სწრაფად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ სად არის ეს გადაწყვეტილება და რა ეტაპზე არის, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია,”- ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.




























