მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოს ახალი მიზნები ძველი ინვესტორის გარეშე

5ee0a20c67f21
დავით ჯალაღონია
10.06.20 13:20
2287
ეკონომიკის სამინისტრომ სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ახალი დებულება დაამტკიცა.
დოკუმენტს ხელს მინისტრი ნათია თურნავა აწერს.

ამ სააგენტოს პირველი დებულება 2017 წელს დამტკიცდა, როცა მთავრობა ანაკლიაში პორტის აშენებას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად გეგმავდა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ ამ ინვესტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ხუთი თვე გავიდა და ამჯერად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ახალი დებულება და მიზნები ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა.

ახალ დებულებაში, ძველისგან განსხვავებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე საუბარი აღარ არის. BM.GE გთავაზობთ იმ ცვლილებებს, რაც სააგენტოს დებულებას, მის მიზნებსა და ამოცანებს, ძველი ვერსიისგან განასხვავებს.

თუ 2017 წელს დამტკიცებული დოკუმენტის მთავარი მიზანი საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განხორციელება იყო, ამჯერად, ახალი დებულების მიხედვით, სააგენტოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად ინვესტორის შერჩევის პროცესის გამოცხადება და წარმართვა ევალება, შემდგომ კი - შერჩეულ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

“მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ინვესტორის (კერძო პარტნიორის) შერჩევის მიზნით შესაბამისი შერჩევის პროცესის გამოცხადება და წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შერჩეულ ინვესტორთან (კერძო პარტნიორთან) გაფორმებული საინვესტიციო/საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, მათ შორის:

ბ.ა) ინვესტორის (კერძო პარტნიორის) მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების განხილვა და შეთანხმება, საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

ბ.ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად;

ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამსესხებლებთან (კრედიტორიებთან), ასევე ტერმინალის ოპერატორთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

ბ.დ) ინვესტორის (კერძო პარტნიორის) მიერ ვალდებულებების დარღვევის, ვადაგადაცილების ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი შეტყობინებ(ებ)ის გაგზავნა, პირგასამტეხლოს დაკისრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალებების აღსრულების მოთხოვნა, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.ე) ინვესტორის მიერ წარმოდგენილი შუალედური და სხვა ანგარიშების, ასევე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციისა და დოკუმენტების (მათ შორის, კვლევების, აუდიტის/საექსპერტო დასკვნების) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

გ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, - წერია განახლებულ დებულებაში.

ახალი დებულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია და არა - ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელს ამჯერად ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს. ამასთან, განახლებული დებულებით, სააგენტოს დირექტორს ორი მოადგილის ყოლა შეეძლება.

როდის აპირებს მთავრობა ახალი ინვესტორის შესარჩევი პროცედურების დაწყებას და რა ეტაპზეა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ურთიერთობები, ამის შესახებ BM.GE დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის აშენების მიზნით ახალი ტენდერი, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება.