ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტში ქვეყანაში დაგეგმილი ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც არის საუბარი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ისინი ანაკლიას კვლავ პრიორიტეტად განიხილავენ, თუმცა ამის მიუხედავად, პროექტზე ახალი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
“2016 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მიანიჭა საერთაშორისო საინვესტიციო კონსორციუმს, რომლის შემადგენლობაში ამერიკული კომპანიაც შედიოდა, თუმცა 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ჯგუფთან არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა, რასაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა მოჰყვა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით, ისინი პროექტის ერთგული რჩებიან, ახალი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა,”- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.
ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული “ანაკლიის განვითარების სააგენტო” გააფორმებს 1-მილიონიან კონტრაქტს იურიდიულ ფირმა White & Case-თან, ასევეროტერდამის პორტის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-თან. ამ კომპანიებმა საქართველოს მთავრობას უნდა გაუწიონ დახმარება პორტის ახალი ტენდერის პირობების მომზადებისთვის.
2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადენს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ამ პროექტზე ახალი ტენდერი.