მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს - მთავრობა

5fd74b7ea0dac
შოთა ტყეშელაშვილი
14.12.20 15:28
1243
საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორების მოძიებამდე თავად პროექტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის განახლება ესაჭიროება - ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა.

"რასაკვირველია, გავაგრძელებთ მუშაობას ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად, ამისთვის დაგეგმილი გვაქვს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ერთად, რაც არის ინვესტორების მოძიების საწინდარი," - განაცხადა ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო, არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს.

"არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი", -  ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.